კვარაცხელიას მესამე საგოლე პასი სეზონში – ქართველი „რეალისთვის“ დაასვენეს

0
33

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში იტალიის სერია A-ში თავისი მესამე საგოლე გადაცემა შეასრულა. მე-7 ტურში მოქმედი ჩემპიონი „ნაპოლი“ სტუმრად „ლეჩეს“ შეხვდა, რომელიც მიმდინარე სეზონში „კერკეტი კაკალია“ და სამი ქულა აიღო.
მატჩის მე-16 წუთზე კვარაცხელიას ცრუ მოძრაობის შემდეგ, პოგრანჩიჩი მოედანზე დაეცა და ბურთი ხელით შეაჩერა. მსაჯის მიერ დანიშნული საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ზელინსკი ბურთი მეტოქის კართან ჩაჰკიდა, სადაც ყველას ნორვეგიის ნაკრების მცველმა ოსტეგორმა აჯობა და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. მან იტალიის ჩემპიონატში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა.
ტაიმის შუაწელში მარჯვნიდან ნეაპოლელი ფეხბურთელის ჩაწოდების მერე, მასპინძლების საჯარიმოში მყოფმა კვარაცხელიამ თავით დაარტყა და ბურთი კარს გადაცდა.
33-ე წუთზე „ლეჩეს“ კონტრშეტევის დროს ქართველი გარემარბი რაფიას გამოეკიდა და ხელით შეაჩერა, რისთვისაც ყვითელი ბარათი მიიღო. პირველი ტაიმის დასრულებამდე ბევრი დრო არ რჩებოდა, რომ „ნაპოლის“ კონტრშეტევა, რომელშიც კვარაცხელიაც მონაწილეობდა სიმეონემ საჯარიმოს გარედან ძალიან სახიფათო, მაგრამ ცოტა არაზუსტი დარტყმით დაასრულა.
შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე ხვიჩამ თავისივე გამომუშავებული ჯარიმა სახიფათოდ დაარტყა და ბურთმა ზედა ძელს გადაუარა.
მეორე ტაიმის სტარტზე კვარაცხელიამ გადაცემა მეტოის საჯარიმოში ჩააჭრა, მაგრამ მისი დარტყმული არაზუსტი აღმოჩნდა.
51-ე წუთზე მან შეტევის მარცხენა ფრთაზე იოლად აუარა გვერდი ერთ მცველს და საჯარიმოში შესულმა თავზე „დაასვა“ ბურთი შეცვლაზე შესულ ოსიმენს, რომელსაც გოლის გატანის მეტი არაფერი დარჩენოდა. შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ ამ სეზონში პირველი საგოლე გადაცემა თავის ანგარიშზე რომის „ლაციოსთან“ შეხვედრაში ჩაიწერა, ხოლო მეორე – “უდინეზესთან”.
ამის შემდეგ, სჩანს ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ საქმე მომთავრებულად მიიჩნია და 58-ე წუთზე კვარაცხელია რასპადორით შეცვალა. 3 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „ნაპოლი“ შინ მადრიდის „რეალს“ ხვდება და კვარაცხელია მომავალი შეხვედრისთვის დაასვენეს. ცხადია, საქართველოს ნაკრების გარემარბი ამ შეცვლით კმაყოფილი არ დარჩებოდა, მაგრამ ამჯერად ემოციები დაიოკა.
57-ე წუთზე გაბრიელ სტრეფეცამ „ნაპოლის“კარში თავით გოლი გაიტანა, რომელიც არ ჩაითვალა, რადგან მანამდე მისმა თანაგუნდელმა ხელით ითამაშა.
88-ე წუთზე გაეტანომ „ლეჩეს“ საჯარიმოს ხაზიდან ძლიერად დაარტყა და „ნაპოლის“ მაისურით თავისი პირველი გოლი გაიტანა.
მატჩის ბოლო წუთზე რამადანიმ თავის საჯარიმოში გაეტანო წააქცია და მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი პოლიტანომ გაიტანა.
„ნაპოლი“ 14 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.
გემანიის მეორე ბუნდესლიგის მე-8 ტურში “კარლსრუე” თავის მოედანზე “ჰოლშტეინ კილთან” 0:2 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი მასპინძლების სასტარტო შემადგენლობაში ისევ ვერ მოხვდა და თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო. “კარლსრუე” 8 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი