სანდრო ალთუნაშვილმა „ვოლფსბერგერის“ სასტარტო შემადგენლობაში ავსტრიის ბუნდესლიგაში კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა.
მე-7 ტურში ქართველი ნახევარმცველის გუნდი სტუმრად ვენის „რაპიდს“ შეხვდა და უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო – 3:3. ალთუნაშვილი მოედანზე პირველი წუთიდან იმყოფებოდა და ძირითადი დროის დასრულებამდე 15 წუთით ადრე შეცვალეს. მან ზაფხულში ავსტრიაში გადასვლის შემდეგ სასტარტოში მე-6 თამაში ჩაატარა. „ვოლფსბერგერი“ მატჩის მსვლელობისას ორჯერ აგებდა და ანგარიში ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-7 წუთზე გაათანაბრა.
„ვოლფსბერგერი“ 7 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.
აპოელმა, რომლის ღირსებას საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ლაშა დვალი და ფორვარდი გიორგი ქვილითაია იცავენ, კვიპროსის ჩემპიონატის მე-4 ტურში შინ „აპოლონს“ ვერ მოუგო – 1:1.
დვალმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გუნდის კაპიტანმა ქვილითაიამ მოედანი 76-ე წუთზე დატოვა. აპოელი 4 ქულით 14 გუნდში მე-8 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
