„სამგურალმა“ მოუგებელი სერია „საბურთალოსთან“ შეწყვიტა

0
10

წყალტუბოს „სამგურალმა“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ 5-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.
25-ე ტურში გიორგი ჭელიძის გაწვრთნილმა გუნდმა თბილისის „საბურთალოს“ ზესტაფონში უმასპინძლა, ვინაიდან მიმდინარე წლის გაზაფხულზე გამოცვლილი წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონის საფარი ძალიან სავალალო მდგომარეობაშია.
„სამგურალმა“ მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა და გამარჯვების გოლი ბენინელმა შარბელმა გომეზმა გაიტანა, რომელმაც 36-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში ბურთი ბრაზილიელი ლეანდრო ლიმასგან მიიღო და მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში ზუსტად გაგზავნა – 1:0.
„სამგურალი“ 42 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა, ხოლო ომარ თეთრაძის თავკაცობით „საბურთალომ“ 45 ქულა დააგროვა და მესამეა.
ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლმა „სამტრედიამ“ აუტსაიდერი „შუქურა“ მიიღო და 4:2 აჯობა. შეხვედრის მე-4 წუთზე ანგარიში დავით უბილავამ გახსნა, როდესაც სტანდარტულის შემდეგ მეტოქე მცველის მოგერიებული ბურთი საჯარიმოს გარედან მიწაზე დაუშვებლად ზუსტად დაარტყა. „შუქურამ“ საპასუხო გოლი ორ წუთში გაიტანა – გიორგი ქავთარაძემ მარჯვენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდა და დავით მუჯირმა თავით ბურთს კარში ადგილი მიუჩინა – 1:1.
47-ე წუთზე ჩრდილოეთ მაკედონიელმა ალეკსანდ მიშოვმა ქობულეთელი მცველის მოგერიებული ბურთი საჯარიმოს ხაზთან ერთი შეხებით მიიღო და მეორეთი კარში გაგზავნა – 2:1.
ამის შემდეგ სამტრედიაში ძლიერ გაწვიმდა და 64-ე წუთზე მუჯირის პასის მერე მასპინძლების საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა გიორგი გოგოლაშვილმა ანგარიში გაათანაბრა.
წვიმამ მალე  გადაიღო და ზვიად ნაჭყებიამ მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს დანიშნული ჯარიმა მარცხენა ოდნავ მახვილი კუთხიდან ზუსტად შეასრულა – 3:2. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე რევაზ ინჯგიამ თავის ნახერიდან ბურთიანად მეტოქის საჯარიმომდე ირბინა და მეკარესთან პირისპირ გასულმა „სამტრედიას“ მაისურით თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა – 4:2.
ჩრდილოეთ მაკედონიელი დიმიტარ კაპინკოვსკის ხელმძღვანელობით „სამტრედიამ“ 19 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილზეა, ხოლო ესპანელი კარლოს გონსალესის ხელმძღვანელობით „შუქურამ“ მეორე თამაში ჩაატარა და ორივე წააგო – 7 ქულით ბოლოა.
ლაშა თაბაგარი