პორტუგალიი ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით გაიმარჯვა.
ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში რობერტო მარტინესის გაწვრთნილმა გუნდმა ალგავრეში ლუქსემბურგს უმასპინძლა და 9 უპასუხო გოლი გაუტანა. განვლილ შეხვედრაში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა ბრუნუ ფერნანდეშმა მეტოქის კარი ერთხელ აიღო და 3 საგოლე პასი გააკეთა. დიოგო ჟოტამ, გონსალუ რამუშმა და გონსალუ ინასიომ დუბლი შეასრულეს.
მანამდე, პორტუგალიის ეროვნულ გუნდს სამი თამაში ჰქონდა მოგებული ანგარიშით 8:0. ლუქსემბურგმა თავის ისტორიაში 0:9 მეორედ წააგო – პირველად ასეთი კატასროფული ანგარიშით გასული საუკუნის 80-იან წლებში ინგლისთან დათმო თამაში.
ცნობისთვის, პორტუგალიას დისკვალიფიკაციის გამო კაპიტანი კრიშტიანუ რონალდუ აკლდა. მარტინესის შეგირდებ,ა J ჯგუფში 6-დან 6 შეხვედრა მოიგეს, ხოლო ბურთების შეფარდებაა 24:0. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ პირველ ადგილზე არიან.
ლაშა თაბაგარი
