ვილი სანიოლის აზრით, პრობლემები, რომლებმაც თავი ევრო 2024-ის შესარჩევ თბილისში ესპანეთთან 1:7 წაგებულ შეხვედრაში გამოჩნდა, მომდევნო თამაშებში გამოსწორდება. მან ამის შესახებ ხვალ ოსლოში ნორვეგიასთან გასამართ მატჩამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილიც დააესწრო.
ვილი სანიოლი: “რა თქმა უნდა, ძალიან რთულია იმ თამაშზე საუბარი, რომელიც ესპანეთთან გვქონდა. შედეგის გარდა, ვფიქრობ, რომ ყველაფერი დავაკელით, აგრესია, სულისკვეთება. შედეგებს პატარ-პატარა დეტალების ერთობლიობა განაპირობებს. როცა ასე თამაშობ, რა თქმა უნდა, მობილიზება უნდა მოახდინო მომდევნო მატჩზე. ამ ორ დღეში საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ და დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნაკრებისგან ნორვეგიასთან სულ სხვანაირ სურათს იხილავთ.
ყველას აქვს უფლება საკუთარი აზრი ჰქონდეს, თუმცა მე ვიტყოდი, რომ ნორვეგიასთან პირველ მატჩში ცუდი ტაიმის შემდეგ მეორე ნახევარი განსხვავებული იყო, გუნდმა კარგად აჩვენა თავისი შესაძლებლობები. კვიპროსთან ორივე ტაიმი თანაბრად შეგვიძლია შევაფასოთ, შოტლანდიასთან კონდიციებიდან გამომდინარე მძიმე თამაში გამოვიდა, ხოლო ესპანეთზე ვისაუბრეთ და ყველამ იცის, როგორი ვითარება იყო.
ჩვენ თუ დავიბრუნებთ იმ ღირებულებებს, რომელსაც გუნდი აჩვენებდა გასული წლის განმავლობაში, გუნდურ სულისკვეთებას, ნორვეგიას სულ სხვა სურათს შევთავაზებთ. რა თქმა უნდა, მეც უკმაყოფილო ვარ ბოლო 2-3 თამაშით. 1:7 ძალიან მტკივნეული იყო არა მხოლოდ ჩემთვის და ფეხბურთელებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. თუმცა, ფეხბურთში ყოველთვის გეძლევა შანსი სიტუაციის გამოსწორების და იმედი მაქვს, რომ ფეხბურთელები ამას მომდევნო მატჩში გამოავლენენ. ესპანეთთან გამოჩენილი პრობლემები ვფიქრობ, რომ მომდევნო მატჩებში გამოსწორდება.
ჯაბა კანკავას ნამდვილად ხანგრძლივი და კარგი კარიერა ჰქონდა, ის გამორჩეული იყო ორთაბრძოლებში და ეს განსაკუთრებით დაგვაკლდა, თუმცა, იგივე შეგვიძლია ვთქვათ სხვა მოთამაშეებზე, რომლებიც მანამდე წარმატებით თამაშობდნენ ნაკრებში და დღეს აქ არ არიან. კონკრეტული მაღალი კლასის მისაღწევად გარკვეული დროა მისაღწევი, ვფიქრობ, მთლიანად საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები ერთ-ერთი ახალგაზრდული გუნდია. ჯაბა კი, ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იყო ყოველდღიური მონდომებით და ბევრი ახალგაზრდისთვის მისაბაძია, ამიტომ არ არის გამორიცხული მსგავსი ფეხბურთელი ჩვენს გუნდში ისევ იყოს.
მოხარული ვარ, რომ ესპანეთის შემდეგ ნორვეგიას ვხვდებით. რთული მეტოქეა, რომლის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის ძნელია, რაშიც 6 თვის წინაც დავრწმუნდით. თუმცა, სასიამოვნოა ასეთ გუნდთან თამაში, რადგან რაც ესპანეთთან ვერ ვაჩვენეთ, გვსურს, რომ ჩვენი შესაძლებლობები ამ დონის მეტოქის წინააღმდეგ გამოვავლინოთ”.
ოთარ კიტეიშვილი: “რა თქმა უნდა, განსხვავებული სიტუაციაა. ბათუმში შესარჩევი ეტაპის პირველი თამაში იყო, შინ ვთამაშობდით და განსხვავებული იყო მოტივაცია. ახლა ნორვეგია თამაშობს საკუთარ კედლებში და ჩვენ სამი დღის წინ მძიმე და ბევრ რამეზე დასაფიქრებელი მარცხი განვიცადეთ.
ამის შემდეგ აუცილებელია გამოვავლინოთ ხასიათი, ვაჩვენოთ ჩვენი სულისკვეთება, წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი და ჩვენი მხრიდან საუკეთესო თამაში ვითამაშოთ ამ შესარჩევ ციკლში. მთელი გუნდი ჩვენს თავზე ვიყავით ნაწყენი და გაბრაზებული, რადგან ასეთი რამ არ უნდა დაგვმართოდა, მაგრამ ბევრ რამეზე დაგვაფიქრებს და ბევრ რამეს სხვანაირად შევხედავთ. სწორედ ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო, როგორ წარმოვაჩინეთ თავს ასეთი მარცხის მერე, მით უფრო, რომ ძალიან ახალგაზრდა გუნდი გვყავს.
დარწმუნებული ვარ, ხვალ განსხვავებული საქართველოს ნაკრები იქნება და განსხვავებულ ხასიათს გამოავლენს. იმედი მაქვს, ამ მატჩის შემდეგ ჩვენს გუნდში ღიმილიც დაბრუნდება”.
ნორვეგიის და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 12 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
