გრაცის „შტურმმა“, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი გამოდის, ავსტრიის ბუნდესლიგა 3 ქულით დაიწყო.
ავსტრიის თასის მოქმედი მფლობელი პირველ ტურში სტუმრად ვენის „აუსტრიას“ შეხვდა და 3:0 აჯობა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 71-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, რის შემდეგ ერთ წუთში შეცვალეს.
„შტურმმა“ მე-9 წუთზე ანგარიში გაზიბეგოვიჩის დარტყმის შემდეგ გახსნა, ხოლო 38-ე წუთზე ვოდარჩუკმა სტუმართა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. მე-60 წუთზე აფერნგრუბერმა „აუსტრიას“ კარი მესამედ აიღო. აქვე გეტყვით, რომ 33-ე წუთიდან მარტინსის გაძევების გამო, მასპინძლები 10 კაცით თამაშობდნენ.
გასულ სეზონში „შტურმმა“ თასის მოგების გარდა, ვერცხლის მედლები მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.
ლაშა თაბაგარი





