ევროპის ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში „სევილიამ“ სტუმრად „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 2:2 ითამაშა, ხოლო საშინაო შეხვედრა მენდილიბარის გუნდმა აღმავლობით ჩაატარა და ინგლისელები აშკარად დაჩაგრა.
მატჩის მე-8 წუთზე მეკარე დე ხეას გადაცემის შემდეგ მეტოქის სამ ფეხბურთელში მოქცეულმა მაგვაიერმა თავის საჯარიმოს სიახლოეს ბურთი დაკარგა და მანჩესტერელთა მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ენ-ნესირმა ანგარიში გახსნა – 1:0.
47-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან რაკიტიჩმა კუთხური ჩააწოდა და ბადემ მხრით გაიტანა – 2:0. 81-ე წუთზე მასპინძლების მცველის მიერ მოგერიებული ბურთი დე ხეამ თავის ნახევარზე დაკარგა და ენ-ნესირიმ ცარიელ კარში გაიტანა – 3:0.
„სევილიამ“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ევროთასებიდან 3-ჯერ გამოთიშა. მანჩესტერელებს სევილიელები არასოდეს დაუმარცხებია – 3 წაგება და 2 ფრე. „იუნაიტედს“ „სევილიასთან“ შეხვედრამდე ევროპა ლიგაში ზედიზედ 10 თამაში არ წაუგია.
მანჩესტერელები ევროთასებიდან ესპანურ გუნდებთან ორთაბრძოლაში ზედიზედ მეექვსედ გავარდნენ.
„სევილია“ ბოლო 10 სეზონში ევროპა ლიგის 1/2-ფინალში მეხუთედ გავიდნენ და 4-ჯერ თასი მოიპოვეს.
„სევილია“ 1/2-ფინალში ტურინის „იუვენტუსს“ შეხვდება, რომელმაც ორი მატჩის ჯამში ლისაბონის „სპორტინგს“ აჯობა. ტურინელებმა შინ პორტუგალიელები 1:0 დაამარცხეს, ხოლო ლისაბონში ჩატარებული თამაში 1:1 დამთავრდა. „იუვენტუსი“ ევროთასების ნახევარფინალში 22-ჯერ გავიდა – უკეთესი შედეგი მხოლოდ „რეალს“, „ბაიერნს“ და „ბარსელონას“ აქვთ.
მეორე 1/2-ფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ იტალიის „რომა“ და გერმანიის ლევერკუზენის „ბაიერი“ წარსდგებიან.
1/4-ფინალის პირველი მატჩი „რომამ“ სტუმრად „ფეინოორდთან“ 0:1 წააგო, სახლში კი 4:2 სძლია.
„ბაიერმა“ შინ ბელგიის „სენ ჟილთან“ 1:2 ითამაშა, ხოლო გასვლაზე 4:1 მოიგო.
ლაშა თაბაგარი




