World Rugby | შარიქაძისა და საქართველოს თავდაჯერებულობა იზრდება

0
44

მსოფლიო რაგბი ბორჯღალოსნების კაპიტან მერაბ შარიქაძეს რაგბი ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ მეექვსედ მოგების შემდეგ ესაუბრა.
„საქართველოს ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე თვლის, რომ უელსთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ, ბორჯღალოსნებისთვის მნიშვნელოვანი იყო ამ წარმატების რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგებით გამყარება.
შარიქაძემ და საქართველომ „ფრინციფალითი“ შარშან ნოემბერში შეაჯანჯღარეს, როდესაც პირველი ტაიმის 3:12 დათმობის შემდეგ, ლუკა მატკავას გვიანი ჯარიმით 13:12 გაიმარჯვეს. კაპიტნის თქმით, უელსთან გამარჯვებამ გუნდს საკუთარი თავის რწმენა აუმაღლა:
„ახლა ჩვენ თავდაჯერებულები ვართ. ადრეც ასე იყო, თუმცა როდესაც ხედავ და შეიგრძნობ შედეგს, შეიძენ ასეთ გამოცდილებას, თავდაჯერებულობაც მატულობს“ – ამბობს შარიქაძე.
ბორჯღალოსნების კაპიტანი მიიჩნევს, რომ უელსთან შესანიშნავი პერფორმანსის შემდეგ, გუნდის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იყო რაგბი ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული თამაში და ასეც მოხდა. ჯგუფურ ეტაპზე გერმანიის, ნიდერლანდებისა და ესპანეთის დამარცხების შემდეგ, საქართველომ ნახევარფინალში რუმინეთს 31:7 სძლია, თავად მერაბმა კი, რომელიც ტურნირის მსვლელობისას ძალიან კარგ ფორმაში იყო, ესპანეთს და რუმინეთს თითო-თითო ლელო გაუტანა.
ბადახოსში, პორტუგალიასთან გამართული ფინალის პირველ ტაიმში საქართველო მინიმალური სხვაობით დაწინაურდა (12:11), შესვენების შემდეგ კი 4 ლელო გაიტანა და 38:11 გამარჯვებით, ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეექვსედ მოიპოვა.
„ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის და ჩვენი გულშემატკივრისთვის. ყველას სურდა ენახა რას გავაკეთებდით უელსთან მოგების შემდეგ. არავის გაუხარდებოდა ამ დიდი გამარჯვების შემდეგ უკან თუ გადავდგამდით ნაბიჯს და ვფიქრობ დავამტკიცეთ, რომ ეს წარმატება დამსახურებული იყო და არა გამართლების შედეგი“.