ქობულეთის “შუქურას” მფლობელმა აიეტ კუკავამ კლუბის პრესსამსახურის მეშვეობით მორიგი განცხადება გაავრცელა:
“დღეს დაიწყო მორიგი უსაფუძვლო და გამიზნული კამპანია ქობულეთის “შუქურას” წინააღმდეგ. საუბარია იმ იძულებით არჩევანზე, რომ დროებით საშინაო თამაშები ჩავატაროთ ბოლნისის “სიონის” სტადიონზე. ეს თურმე ზოგის აზრით საკუთარი ქალაქის ღალატია. მოდით ვნახოთ სინამდვილეში რა ხდება. ამ ეტაპზე ჩვენს მშობლიურ “ჩელე არენაზე” ატჩების ჩატარება გამორიცხულია, რადგან გაზონი სავალალო მდგომარეობაშია და საჭიროებს სერიოზულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ასევე ამ მომენტისთვის შეუძლებელია სავარჯიშო პროცესის წარმართვა კლუბის გამგებლობაში მყოფ “ბობოყვათის” მოედანზე, სადაც ასევე ჩასატარებელია შესაბამისი სამუშაოები. ეს ყველაფერი სფეროს სპეციალისტების მიერ უკვე დაგეგმილია, იწყება ორივე მინდვრის საფარის რეაბილიტაცია და უკვე აპრილის მიწურულს, მაისის დასაწყისში ორივე ეს მოედანი მწყობრში ჩადგება.
დავდექით იმის აუცილებლობის წინაშე, რომ დროებით მოგვეძებნა რომელიმე არენა. და რა მდგომარეობაა ამჟამად ამ თვალსაზრისით მთელს საქართველოში? საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტთან კონსულტაციისას გაირკვა, რომ ამჟამად ზღვისპირეთში თამაშების ჩატარება არ არის შესაძლებელი არც ანგისას ბაზაზე, არც ფოთის სტადიონზე, რადგან ლიცენზირების კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ. რჩება მხოლოდ ბათუმის მთავარი სტადიონი – “აჭარაბეთ არენა” რომლის არენდის გადასახადიც 1 მატჩზე 25 ათასი ლარის ფარგლებშია.
დასავლეთ საქართველოში არსებული შესაბამისი არენებიდან ქუთაისის სტადიონი რემონტშია, რის გამოც “ტორპედო” ზესტაფონში თამაშობდა, მაგრამ ამ მომენტისთვის ესეც შეუძლებელი გახდა და ქუთათურებმა სამტრედიას მიაშურეს, სადაც ამ სტადიონს “სამტრედიასთან” ერთად გაიყოფენ. მეტი ლიცენზირებული არენა დასვლეთ საქართველოში არ არის. ჩვენ კი ამ დუეტს ვერ შევუერთდებით, რადგან ერთ სტადიონზე ფედერაციას მხოლოდ ორი გუნდის მასპინძლობა აქვს დაშვებული (კალენდრის დაგეგმვის საკითხებიდან გამომდინარე).
აღმოსავლეთ საქართველოში მოთხოვნებს აკმაყოფილებს გორის სტადიონი, სადაც “დილასთან” ერთად თბილისის “დინამო” ჩაატარებს საშინაო მატჩებს, რადგან ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენა” ისევე როგორც მესხის არენა ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მოსამზადებლად რეკონსტრუქციაშია.
შესაბამისად, ერთადერთ შესაძლო ვარიანტად, სადაც საშეჯიბრო კომიტეტმა თამაშის ნებართვა მოგვცა დარჩა ბოლნისის არენა და ამ ვარიანტს დავთანხმედით. ეს კლუბისთვის მძიმე ფინანსური დაწოლაა. ჯერ ერთი, ამის გამო კლუბი ბაზირებულია თბილისში სადაც გვიწევს ფეხბურთელების საბინაო პირობებით უზრუნველყოფა და სავარჯიშო მოედნების დაქირავება, ასევე პრაქტიკულად ყველა – როგორც საშინაო, ისე გასვლით თამაშზე ტრანსპორტის დაქირავება და ბოლნისის სტადიონის იჯარა მაგრამ ეს არ იყო ჩვენი არჩევანი.
იმის ნაცვლად, რომ ამ ვითარების სირთულე გაეაზრებინათ და “შუქურას” თუნდაც მორალურად გვერდში დადგომოდნენ გულშემატკივართა კლუბმა პირიქით ასეთი სკანდალური ხმაური ატეხა ისე, რომ არც კი დაინტერესებულან ჩვენი ამ არასასურველი არჩევანის მიზეზებით. ვინაიდან როგორც ადრე ახლაც მათით მანიპულირება ხდება, უნდა განვაცხადოთ იმ ძალების მიერ, რომელიც ცდილობს ყველანაირი ცილისწამებებით კერძო საკუთრებაში მყოფი “შუქურა” საჯარო ცილისწამებებითა და ზეწოლით და სახელმწიფო სტრუქტურებთან ცილისწამებლური კამპანიით მიაღწიოს მიზანს, დაარღვიოს საკუთრების უფლება და ჩამოართვას კერძო მფლობელს თავისი კერძო ინტერესებისთვის.
რას ვიზამთ? ვეცდებით ამ ობსტრუქციას კარგი თამაშით ვუპასუხოთ და გავაგრძელოთ ჩვენი მიზანი კონკურენტუნარიანი კლუბის მშენებლობა, რომელიც მოითხოვს დიდ შრომას და ინვესტიციებს”



