
დიდიე დეშამი კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინასთან დიდ ბრძოლას ელოდება. მან ამის შესახებ 1/2-ფინალში მაროკოსთან 2:0 გამარჯვების და ზედიზედ მეორე ფინალში გასვლის შესახებ განაცხადა.
„ცხადია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩავატარეთ. კიდევ ერთი დაგვრჩა, რომელიც ბოლო იქნება. უკვე ერთი თვეა მოთამაშეებთან ერთად ვართ. იოლი არაა, მაგრამ ჩვენ გვიხარია, რადგან წარმატება ფეხბურთელებს ყველაფერს უკომპენსირებს. კვირას ტიტულისთვის ვიბრძოლებთ.
დღის განმავლობაში ყოველი მომენტი უნდა გამოვიყენოთ, რომ ნამდვილად შევაფასოთ და დავტკბეთ ჩვენი წარმატებით.
არგენტინას მესი ჰყავს, რომელიც ძალიან მაღალი დონის მოთამაშეა და უპირატესობას ქმნის, ჩვენ დიდი ბრძოლა გველოდება. არგენტინა აგრესიული გუნდია, მაგრამ ეს კარგი აგრესიაა. ჩვენ გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. მესამე ვარსკვლავს მხოლოდ ერთი ნაკრები მიიღებს.
მესი ტურნირის სტარტიდან დიდებულად თამაშობს. ოთხი წლის წინ ყველაფერი სხვაგვარად იყო. მან მატჩი იმ პოზიციაზე არ დაიწყო, რომელზეც ველოდით, ხოლო დაამთავრა თავდამსხმელად. ახლა არგენტინელებსს თავდამსხმელი ჰყავთ, ხოლო მესის ბევრი თავისუფლება აქვს. მას ბურთი ხშირად აქვს და ძალიან კარგ სათამაშო ფორმაშია.
მესი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა ან ერთ-ერთი საუკეთესოა. ჩვენ უნდა ვიმუშავოთ, რომ თამაშზე მისი გავლენა რაც შესაძლოა შევამციროთ. არგენტინელებიც შეეცდებიან იმავე ჩვენს რამდენიმე მოთამაშესთან დაკავშირებით გააკეთონ. თუმცა, ეს ის არგენტინა არაა, რომელსაც ოთხი წლის წინ შევხვდით“ – იუწყება მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის თავკაცის სიტყვებს ფიფას ვებგევრდი.




