საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა. კატარში მიმდინარე ტურნირის 1/2-ფინალში დიდიე დეშამის გაწვრთნილი გუნდი მაროკოს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:0 გაიმარჯვა.
ფრანგები მე-5 წუთზე დაწინაურდნენ, როდესაც ანტუან გრიზმანი მაროკოელთა მცველ ელ იამიქის გაექცა და მისი პასის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში მყოფი კილიან მბაპე გოლის გატანას ორჯერ ეცადა, მაგრამ ორივე შემთხვევაში მცველები გადაეღობნენ, თუმცა ბურთი უმეთვალყურეოდ დარჩენილ ტეო ერნანდეს მიუვიდა, რომელმაც ახლო მანძილიდან ვარდნაში გაიტანა.
ტაიმის შუაწელში ჩუამენის კარგი პასის შემდეგ, აფრიკელთა საჯარიმოში შეჭრილი მბაპეს დარტყმის მერე, მაროკოელთა მცველმა ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა, მაგრამ ჩუამენი ამჯერად ოლივიე ჟირუს უპასა, რომელმაც ასპროცენტიანი მომენტი ვერ გამოიყენა.
ტაიმის ბოლო წუთზე მაროკომ კუთხურ ჩააწოდა და ელ იამიქის დარტყმის შემდეგ ბირთი გვერდით ძელს მოხვდა.
მეორე ტაიმში ვალიდ რეგრაგის ფეხბურთელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და ბურთი თითქმის სულ ფრანგების ნახევარზე იყო, მაგრამ რეალურ საგოლე მომენტამზე საქმე არ მიდიოდა. სამაგიეროდ, 79-ე წუთზე მბაპეს საუცხოო რეიდის და დარტყმის შემდეგ, აფრიკელი მოთამაშის ფეხიდან ბურთი შეცვლაზე შესულ კოლო მუანის მიუვიდა, რომლის პირველი შეხება გოლით დასრულდა – 2:0. მან მოედანზე შესვლიდან 44-ე წამზე გაიტანა, რაც მუნდიალების ისტორიაში მესამე შედეგია. კოლო მუანიზე სრაფად შეცვლაზე შესვლის შემდეგ თავი ურუგვაელმა რიჩარდ მორალესმა 2002 წელს (16 წამი) და დანიელმა ებე სანდმა 1998 წელს (26 წამი) გაიტანეს.
შეხვედრის მიწურულს მაროკოელთა სახიფათო იერიშის დროს აბდალაჰს კარის ხაზზე მდგომმა კონატემ არ გაატანინა.
მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები არსებობის ისტორიაში ფინალში მეოთხედ გავიდა, სადაც 18 დეკემბერს არგენტინას შეხვდება. ეს გუნდები მუნდიალებზე ერთმანეთს 3-ჯერ შეხვედრიან – არგენტინამ 2-ჯერ გაიმარჯვა, საფრანგეთმა – ერთხელ.
დეშამმა მსოფლიო ჩემპიონატებზე მწვრთნელის რანგში მე-14 მატჩი მოიგო – მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ლეგენდარულ გერმანელ ჰელმუტ შიიონს (16 გამარჯვება) აქვს.
ის ფეხბურთის ისტორიასში მე-4 მწვრთნელია, რომელმაც გუნდი მსოფლიო პირველობის ფინალში ზედიზედ ორჯერ გაიყვანა. მანამდე, იმავე იტალიელმა ვიტორიო პოცომ (1934, 1938), არგენტინელმა კარლოს ბილარდომ (1986, 1990) და გერმანელმა ფრანც ბეკენბაუერმა (1986, 1990) მოახერხეს.
საფრანგეთი მე-6 ნაკრებია, რომელიც მუნდიალის ფინალში მიჯრით 2-ჯერ გავიდა. იმავე, იტალიამ (1934, 1938), ბრაზილიამ (1958, 1962), ნიდერლანდებმა (1974, 1978), გერმანიამ (1986,1990) და არგენტინამ (1986, 1990) მოახერხეს. თუმცა, ტიტული მხოლოდ იტალიამ და ბრაზილიამ დაიცვეს.
მაროკოს ნაკრები მე-3 ადგილისთვის შეხვედრას 17 დეკემბერს ხორვატიასთან ჩაატარებს.




