ზიდანი: „ეს სტილი იმის მსგავსი იქნება, რასაც „რეალში“ ვაკეთებდი“

0
1

ზინედინ ზიდანი აპირებს საფრანგეთის ნაკრები იმავე სტილში ათამაშოს,  როგორც თავის დროზე მისი გაწვრთილი მადრიდის „რეალი“ თამაშობს. მან ამის შესახებ „სამფეროვანთან“ თავკაცად დანიშვნის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩემს სათამაშო სტილს მალე ნახავთ. საკუთარ იდეებზე ამჯერად ცოტას გეტყვით, რადგან ამის შესახებ საუბრის დრო კიდევ გვექნება. ეს სტილი იმის მსგავსი იქნება, რასაც „რეალში“ ვაკეთებდი. საფრანგეთის ნაკრები ჩემი გზის გაგრძელებაა.
მე თავად თამაში შთამაგონებს. 10 ნომრის პოზიციაზე ვთამაშობდი და რაც ყოველთვის მოტივაციას მაძლევდა გოლების გატანაა, მაგრამ ბალანსის დაცვაც გუნდისთვის მნიშვნელოვანია. თამაში მიყვარს. კარიერა საფრანგეთში დავიწყე და შემდეგ 25 წელი ესპანეთში გავატარე. თავად გესმით ეს რას ნიშნავს.
მოედანზე ლიდერი ვიყავით და ჩემი გამოცდილების წყალობით, ახლა უკვე ლიდერობა მწვრთნელის რანგში მსურს. ჩვენ ყველაფერი გვაქვს რაც გვჭირდება – დიადი მოთამაშეები და სამწვრთნელო შტაბი. ჩემი როგორც ლიდერის ამოცანა იქნება, რომ ამ გუნდმა გამარჯვება გააგრძელოს“ – იუწყება საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი 54 წლის ზიდანის ნათქვამს, რომელმაც კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა.
ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა კარიერის დასრულების შემდეგ, მუშაობა მადრიდის „რეალში“ კარლო ანჩელოტის თანაშემწედ დაიწყო. მოჰგვიანებით, ის მადრიდელთა ახალგაზრდულ გუნდს ავარჯიშებდა.
2016 წლის იანვარში ზიდანმა „რეალის“ თავკაცის პოსტზე რაფაელ ბენიტესი შეცვალა და გუნდს 2018 წლის 31 მაისამდე ავარჯიშებდა. ის მეორედ „რეალში“ 2019 წლის მარტში დაბრუნდა და თანამდებობა 2021 წლის 27 მაისამდე ეკავა.
მადრიდელთა მთავარი მწვრთნელის რანგში „ზიზუმ“ ესპანეთის ჩემპიონატი და სუპერთასი ორ-ორჯერ მოიგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ – სამჯერ. გარდა ამისა, მან „რეალს“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ორჯერ გაამარჯვებინა.
ზიდანმა საფრანგეთის ნაკრებთან ერთად 1998 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 2000 წელს – ევროპის პირველობა. ის 1998 წელს „ოქროს ბურთს“ დაეუფლა.
ლაშა თაბაგარი