პირველი სენსაცია მუნდიალზე – საუდის არაბეთმა არგენტინა დაამარცხა

0
54

კატარში მიმდინარე მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატში პირველი ხმაურიანი სენსაცია დაფიქსირდა. C ჯგუფის პირველ შეხვედრაში მუნდიალის მოგების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიჩნეული არგენტინის ნაკრები საუდის არაბეთთან 1:2 დამარცხდა.
მატჩის მე-10 წუთზე მსლოვენიელმა მთავარმა მსაჯმა სლავკო ვინჩიჩმა რეფერის ვიდეოასისტენტთან გადამოწმების შემდეგ დააფიქსირა, რომ კუთხურის დროს არაბმა ფეხბურთელმა თავის საჯარიმოში არგენტინელი წააქცია და პენალტი დანიშნა, რომელიც ლიონელ მესიმ გოლად აქცია – 1:0.
ამის შემდეგ არგენტინამ მეტოქის კარი კიდევ სამჯერ აიღო, მაგრამ ოფსაიდის გამო არცერთი გოლი ჩაითვალა. 48-ე წუთზ, სალეჰ ალ შეჰრი არგენტინელთა საჯარიმოში მცველ რომეროს გაექცა და შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 1:1. 53-ე წუთზე საუდის არაბეთმა კუთხური ჩააწოდა და არგენტინელი მოთამაშის მოგერიებულ ბურთს სალემ ალ დავსარი დაეუფლა, რომელიც საჯარიმოში რომეროს გაცდა და შორეულ “ცხრიანში” ლამაზი გოლი გაიტანა – 1:2. ამრიგად, არგენტინელთა ზედიზედ 36-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა.
არგენტინამ 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სასტარტო მატჩი პირველად წააგო. მაშინ, არგენტინელები კამერუნთან 0:1 დამარცხდნენ. თავის მხრივ, საუდის არაბეთმა მუნდიალზე გამოსვლის ისტორიის მანძილზე მე-4 თამაში მოიგო.
არტენტინის ნაკრებმა 1974 წელს გერმანიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პირველ მატჩში 2 გოლი პირველად გაუშვა. საუდის არაბეთი ეროვნულმა გუნდმა მუნდიალზე 2 ბურთი არსებობის ისტორიაში მეხუთედ გაიტანა.
ლიონელ მესიმ გოლი თავის მე-4 მუნდიალზე გაიტანა. მანამდე, ეს  ბრაზილიელმა პელემ, გერმანელებმა უვე ზელერმა და მიროსლავ კლოზემ, ასევე პორტუგალიელმა კრიშტიანუ რონალდუმ მოახერხეს. ის პირველი არგენტინელია, რომელმაც თავი 4 მუნდიალზე გამოიჩინა. დიეგო მარადონამ და გაბრიელ ბატისტუტამ 3-3 ჩემპიონატზე გაიტანეს.
მესიმ თავის მე-5 მსოფლიო პირველობაზე ითამაშა და ამ შედეგით მექსიკელ მეკარე ანტონიო კარვახალს, გერმანელ ნახევარმცველ ლოთარ მათეუსს, მექსიკელ მცველ გაბრიელ მარკესს და იტალიელ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონს გაუთანაბრდა.
მესი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ზედიზედ 5 მსოფლიო ჩემპიონატზე შედეგიანად ითამაშა – 20 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. ის გატანილი გოლების რაოდენობით კრიშტიანუ რონალდუს დაეწია. თუმცა, მან პორტუგალიელზე 3 მატჩით მეტი ჩაატარა.