უეფამ რუსეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 9 ოქტომბერს ფრანკფურტში გასამართ ევრო-2024 კენჭისყრიდან მოკვეთა. ეს ინფორმაცია რუსეთის საფეხბურთო კავშირმა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე დაადასტურა:
„რუსეთის ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის კენჭისყრაში, რომელიც 9 ოქტომბერს ფრანკფურტში ჩატარდება მონაწილეობას არ მიიღებს. მიზეზი უეფას მიერ თებერვალში მიღებული გადაწყვეტილებაა, რომლის თანახმად რუსეთის ნაკრებებს და კლუბს ამ ორგანიზაციის ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებებში მონაწილეობა მომდევნო შეტყობინების მიღებამდე აუკრძალეს.
ეს გადაწყვეტილება რუსეთის საფეხბურთო კავშირმა ლოზანაში სპორტულ არბიტრაჟში გაასაჩივრა, რომელმაც ივლისში აპელაციის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა“.
შეგახსენებთ, რომ ფიფამ და უეფამ როგორც რუსეთის ნაკრები, ასევე კლუბები ყველა საერთაშორისო შეჯიბრებიდან ამ ქვეყნის ჯარის 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოკვეთეს.





