გაგა კირკიტაძე: “მოედანზე მოსაგებად გავალთ”

0
18

“გაგრას” მთავარმა მწვრთნელმა გაგა კირკიტაძემ “სუტიესკასთან” საპასუხო მატჩის წინ პროგნოზისგან თავი შეიკავა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ მისი გუნდი მოედანზე მოსაგებად გავა.

მან ამის შესახებ ხვალ კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მონტენეგროელებთან გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომელსაც ასევე გაგრელთა მეკარე დავით კერესელიძე ესწრებოდა.

გაგა კირკიტაძე: “ერთია, როცა მეტოქეს თეორიულად აფასებ და მეორე როცა მოედანზე ხედავ და პრაქტიკაში აანალიზებ. ჩვენ ვნახეთ, რა გუნდია მეტოქე. ახლა ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა. ერთადერთი მუმლაძეა, ვინც ვერ გვეხმარება. დავინახეთ “სუტიესკას” დადებითი და უარყოფითი მხარეები, მაგრამ ერთია, როცა თეორიულად ხედავ ნაკლს და მეორე – როგორ გამოიყენებ მას.

მოვიხსენით თუ არა სტრესი? ასეთ მატჩებს სტრესი სულ ახლავს. მონტენეგროში ორი კარგი მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ასეთ თამაშებში ეს შედეგზე გავლენას ახდენს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბევრ ჩვენს ფეხბურთელს ეროვნულ ლიგაში არ უთამაშია და გამოუცდელობის პრობლემაც იყო.

არ მინდა, ხალხს ტყუილი მოლოდინები გავუჩინო, მაგრამ ერთი რამ ვიცი – მოედანზე მოსაგებად გავალთ.

ფეხბურთი იმიტომ არის სპორტის პირველი სახეობა, რომ გულშემატკივრის გარეშე წარმოუდგენელია. ჩვენ სადაც ვითამაშეთ პირველი მატჩი, ბევრი ქომაგი იქაც არ ყოფილა, თუმცა თავის კლუბს მაქიმალურად ქომაგობდნენ. ფეხბურთი გულშემატკივრისთვის არის და დიდი იმედი მაქვს ხვალ ქომაგები ტრიბუნას დაამშვენებენ. ჩვენ შევეცდებით, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ და მათი გახარება შევძლოთ.

ბევრი მიფიქრია, რა გავლენას ახდენს გულშემატკივარი თამაშის შედეგზე. ჩვენ მოედანზე გულანთებულები გავალთ, რადგან საქართველოს წარმოვადგენთ და ეს გათავისებული გვაქვს. ისიც ვიცით, რომ აფხაზეთიდან დევნილი ბევრი ადამიანი მოდის თამაშზე და მათი დიდი თანადგომის იმედი მაქვს.

ჩვენი პლუსი ისაა, რომ ჩემპიონატი მიდის და ტონუსში ვართ. “სუტიესკას” რაც შეეხება, დაბალანსებული გუნდია, გამოცდილებიც ჰყავთ და ნიჭიერი ახალგაზრდებიც, მათი ერთ-ერთი პლუსი კი კარგი ფიზიკური მომზადებაა. “სუტიესკა” 4-ჯერ ისინი საკუთარი ქვეყნის ჩემპიონი გახდა, ახლა კი ვიცეჩემპიონები არიან. ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია, მთლიანად მონტენეგროში ფიზიკურად ძლიერი ხალი ცხოვრობს.

რა არის ჩვენი პლუსი? ამაზე ლაპარაკს მოვერიდები. იმედია, ეს ხვალ გამოჩნდება.

პროცენტულად არ იქნება სწორი შანსების შეფასება. მე რეალისტი ვარ და ფაქტებით ლაპარაკი მირჩევნია. ამიტომ, შანსებზე არაფერს ვიტყვი. ვეცდებით, შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოვიპოვოთ.

მე არ ვყოფილვარ გაგრაში, მაგრამ ვიცი, ეს რა არის საქართელოსთვის და ჩემთვისაც ბევრს ნიშნავს, რომ ამ ქალაქის გუნდს წარმოვადგენ.

რა მინუსი აქვს გასვლითი გოლის გაუქმებას? უფრო მეტ თამაშს ვნახავთ, სადაც ფეხბურთი იქნება და ეს სანახაობას გაზრდის”.

“გაგრამ” პირველი თამაში მონტენეგროში 0:1 წააგო. გაგრელები “სუტიესკას” მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ და შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.