შვეიცარიის მწვრთნელი: „დარწმუნებული ვარ, რომ ამის გამეორებას მოვახერხებთ“

0
18

შვეიცარიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ პეტკოვიჩი დარწმუნებულია, რომ ევრო-2020-ის 1/8-ფინალში მიღწეულ წარმატებას, მისი გუნდი კიდევ გაიმეორებს.

მან ამის შესახებ ბუქარესტის „ნაციონალ არენაზე“ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ საფრანგეთთან პენალტების სერიაში გამარჯვების მერე განაცხადა.

„ამ მიღწევით ძალიან ვამაყობ. ახლა ვიზეიმებთ, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა დრო გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ამის გამეორებას მოვახერხებთ. ჩვენ ყოველ წარუმატებლობაზე და კრიტიკაზე ვრეაგირებდით. ახლა ვეცდებით ეს დავივიწყოთ. ხვალინდელ დღიდან მეოთხედფინალზე კონცენტრირებულნი ვიქნებით.

 

საკლუბო და სანაკრებო დონეზე გამართულ დიდ მატჩებში ყველა ჩართული ვიყავით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა შვეიცარიისთვის, რომელიც მრავალის წლის განმავლობაში პირველად ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა. ძალიან გვიხარია, რადგან ისტორიული გამარჯვებაა.

მატჩის დასრულების მერე ვერ ვსაუბრობდი, რადგან ხმა დავკარგე. თუმცა ვიტყვი, რომ 120 წუთის განმავლობაში გუნდმა ფანტასტიკური სამუშაო გასწია და ბრძოლისუნარიანი იყო. მეტოქეს საკუთარი თამაში თითქმის თავს მოვახვიეთ.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დასახულ გეგმას მივყოლოდით, განსაკუთრებით ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში, რათა შეტევის შესაძლებლობა გვქონოდა. კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ და რაღაც მომენტებში მეტოქეს ვჯობდით.

ვერ გეტყვით რამდენი ლიტრა წყალი დავკარგე, მინიმუმ ორი ნამდვილად. კარგია, რომ ჩემს გვერდით წყლის დიდი მარაგი იყო და დანაკარგი მაშინვე ავინაზღაურე“ – ციტირებს ბოსნიელ სპეციალისტს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.