ჩეხეთის მწვრთნელი: „თუ ჩვენ შემდეგ ეტაპზე გასვლა გვსურს, მაშინ კვლავ უნდა გავიბრწყინოთ ინდივიდუალური ოსტატობით“

0
12

ჩეხეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ იაროსლავ შიჰლავის მიაჩნია, რომ თუ ევრო-2020-ის 1/8-ფინალში ნიდერლანდების დამარცხება სურთ, 100-150%-ით უნდა დაიხარჯონ, ხოლო ფეხბურთელებმა ისევ ინდივიდუალურად უნდა გაიბრწყინონ.

მან ამის შესახებ დღეს ბუდაპეშტში ფერენც პუშკაშის სახელობის არენაზე ნიდერლანდებთან გასამართ შეხვედრამდე ისაუბრა.

„ვიცოდით, რომ რთული მეტოქე შეგვხდებოდა. ცხადია, ნიდერლანდები მათ რიცხვს მიეკუთვნება და ამ შემთხვევაში კითხვები არ არსებობს. მატჩს მოუთმენლად ველოდებით და ძალიან გვიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს ტრიბუნაზე ჩვენი ბევრი გულშემატკივარი იქნება.

ნიდერლანდები ძალიან მაღალი დონის გუნდია. მეტოქე დეტალურად შევისწავლეთ, ვიცით, რომ მისი რამდენიმე ფეხბურთელი ტექნიკურად კარგადაა მომზადებული და გოლებს მოწყურებულია. ნიდერლანდელები მაღალ ტემპში და ყოველთვის ერთსა და იმავე მანერით მოქმედებენ – ცდილობენ თავდამსხმელებს ბურთი მაქსიმალურად სწარაფად მიაწოდონ. ბურთის დაკარგვის შემთხვევაში მაშინვე პრესინგს მიმართავენ.

თუ ჩვენ შემდეგ ეტაპზე გასვლა გვსურს, მაშინ 100-150%-ით დავიხარჯოთ. ამასთანავე კვლავ უნდა გავიბრწყინოთ ინდივიდუალური ოსტატობით, როგორც ეს შოტლანდიასთან შეხვედრაში მოხდა, როდესაც ტომაშ ვაცლიკმა და პატრიკ შიკმა განსაკუთრებულად ითამაშეს. თუ ეს ფაქტორები დაემთხვევა, მაშინ შანსი გვექნება“ – იუწყება შიჰლავის ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.