დანიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდი ევრო-2020-ის 1/4-ფინალში გავიდა.
დანიელებმა ამსტერდამში იოჰან კრუიფის სახელობის არენაზე უელსის ნაკრებს შეხვდნენ და 4:0 დაამარცხეს.
მატჩის 27-ე წუთზე ანგარიში ფორვარდმა კასპერ დოლბერგმა გახსნა, რომელმაც ბურთი მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს მიიღო და შორეულ კუთხეში „მოჭრილი“ დარტყმით გაიტანა.
შესვენების შემდეგ სამ წუთში, მარტინ ბრაიტვეიტი მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და ჩააწოდა – ჯოზეფ მორელის მიერ ცუდად მოგერიებული ბურთი, უელსელთა საჯარიმოში მყოფ დოლბერგს მიუვიდა, რომელმაც დუბლი შეასრულა.
ნიკლას ბენტდნერის შემდეგ დოლბერგი დანიის ნაკრების პირველი ფორვარდია, რომელმაც 2012 წლის მერე, ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე დუბლი შეასრულა.
ბენტდნერმა ევრო-2012-ზე ჯგუფში პორტუგალიასთან 2:3 წაგებულ შეხვედრაში მეტოაის კარი 2-ჯერ აიღო.
88-ე წუთზე მატიას იენსენმა მოწინააღდეგის საჯარიმოში შეტევაში ჩართული მარჯვენა მცველი იოაკიმ მელე მოძებნა, რომელმაც ბურთი მიიღო, ერთ უელსელს გაცდა და მარცხენა ფეხით აუღებლად დაარტყა.
90-ე წუთზე, უელსელები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ, რადგან მსაკმა ვილსონს უხეშობისთვის პირდაპირ წითელი ბარათი აჩვენა.
მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე კორნელიუსის გადაცემის შემდეგ, ბრაიტვეიტმა ბრიტანელთა საჯარიმოში ერთი მცველი ჩამოიცილა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
დანია ევრო-2004 შემდეგ, 1/4-ფინალში პირველად გავიდა.
დანიელებმა ბოლო 23 წლის მანძილზე პირველად ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე პლეი-ოფის მატჩი მოიგეს.
უელსთან დღევანდელ შეხვედრამდე ბოლოს დანიელებმა 1/8-ფინალში მსოფლიო 1998 წლის ჩემპიონატზე გაიმარჯვეს – ნიგერიასთან 4:1.
ამის შემდეგ, დანიელები მსოფლიო 2002 და 2018 წლების ჩემპიონატების პლეი-ოფში გავიდნენ და დამარცხდნენ, ისევე როგორც ევრო-2004-ზე.
დანიის ნაკრებზე დიდი ანგარიშით ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში პლეი-ოფში მხოლოდ ნოდერლანდებს მიუგია, რომელმაც 2000 წელს იუგოსლავია 6:1 გაანადგურა.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში პირველად ერთმანეთს ერთი გუნდის მეკარეები დაუპირისპირდნენ – დანიელი კასპერ შმეიხელი და უელსელი დენი უორდი, რომლებიც „ლესტერში“ გამოდიან.
