ჰამშიკი „ტრაბზონსფორში“ გადავიდა

0
42

მარეკ ჰამშიკი კარიერას თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელებს.

საფეხბურთო კლუბმა „ტრაბზონსფორმა“ 33 წლის სლოვაკ შემტევ ნახევარმცველთან 2-წლიანი კონტრაქტის გაფორმება თავის ოფიციალურ ვებგვერდზე დაადასტურა.

მიმდინარე წლის მარტში ჰამშიკი შვედეთის „გიოტებორგში“ ჩაირიცხა, სადაც 6 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

ის შვედეთში გადაბარგებამდე 2 წელი ჩინეთის კლუბ „დალიან იფანის“ ღირსებას იცავდა.

ჰამშიკმა კარიერის საუკეთესო პერიოდი „ნაპოლიში“ გაატარა, სადაც 2007 წლის ივნისში ბრატისლავის „სლოვანიდან“ 5,5 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

ის დიეგო მარადონას შემდეგ, ნეაპოლელთა ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი იყო.

სლოვაკმა ნახევარმცველმა „ნაპოლიში“ ყველა ტურნირზე 520 მატჩი ჩაატარა, რაც კლუბის არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

ჰამშიკი 121 გოლით ერთი პერიოდი ნეაპოლელთა ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი იყო, მაგრამ შემდეგ მისი შედეგი ბელგიელმა დრის მერტენსმა გააუმჯობესა.

ჰამშიკი სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრებში 2007 წლიდან გამოდის და 126 მატჩში 26 გოლი გაიტანა.