ლონდონის „ტოტენჰემის“ თავდამსხმელი ჰარი კეინი ინგლისის პრემიერ ლიგის 2020-2021 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირი და ასისტენტი გახდა.
პრემიერ ლიგის ბოლო ტურში „ტოტენჰემმა“ სტუმრად „ლესტერს“ 4:2 სძლია და ერთი გოლი კეინმა გაიტანა.
27 წლის ფორვარდმა განვლილ სეზონში ჩემპიონატში ჩატარებულ 35 მატჩში 23 გოლი გაიტანა და 14 საგოლე პასი გააკეთა.
ბომბარდირებში მეორე ადგილი 22 გოლით „ლივერპულის“ ეგვიპტელმა თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა დაიკავა, ხოლო მესამე – „მანჩესტერ იუნაიტედის“ პორტუგალიელმა შემტევმა ნახევარმცველმა ბრუნუ ფერნანდეშმა (18).
ცნობისათვის, კეინი პრემიერ ლიგის ისტორიაში მეორე ფეხბურთელია, რომელიც საუკეთესო ბომბარდირი და ასისტენტი გახდა. მანამდე, ეს ენდი კოულმა მოახერხა, რომელმაც 1993-1994 წლების სეზონში „ნიუკასლის“ შემადგენლობაში მეტოქეთა კარი 34-ჯერ აიღო და 13 საგოლე გადაცემა მიითვალა.





