„დილამ“ „დინამოს“ სვლა შეაჩერა

0
21

კრისტალბეთ ლიგაში ზედიზედ 4 თამაში მოგების შემდეგ, თბილისის „დინამო“ მე-15 ტურში გორში ადგილობრივ „დილასთან“ უქულოდ დარჩა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილ გორელებს ორი ტაიმის განმავლობაში უპირატესობა ჰქონდათ და „დინამომ“ მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი ცუდი შეხვედრა ჩაატარა. გიორგი ნემსაძის შეგირდებს მასპინძლების კართან რეალური საგოლე მომენტი არ შეუქმნიათ.

მატჩის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

70-ე წუთზე, რევაზ ჩიტეიშვილის გადაცემის შემდეგ, დაცვის მარცხენა ფრთაზე ესპანელი მცველი მონხილი შეცდა, რითაც პაატა ღუდუშაურმა კარგად ისარგებლა და საჯარიმოში შესულმა შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 1:0.

74-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან რომარი ეტოუმ პასი მეტოქის საჯარიმოში გააკეთა, სადაც სტუმართა მცველები შეცდნენ და თორნიკე კაპანაძემ ბურთი ირაკლი ბიძინაშვილს დაუგორა, რომელმაც მასპინძლები კიდევ უფრო დააწინაურა – 2:0.

„დილამ“ ჩემპიონატში 2 თამაშის წაგებისა და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8-ფინალში გავარდნის შემდეგ, გულშემატკივრებთან რეაბილიტაცია „დინამოს“ დამარცხებით მოახერხა.