2019-2020 წლების სეზონის საკალათბურთო ჩემპიონატები გაუქმდა

0
45

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის სხდომა გაიმართა, რომელმაც საკალათბურთო სუპერლიგისა და ყველა მიმდინარე ჩემპიონატის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, 2019-2020 წლების სეზონში მიმდინარე ყველა ჩემპიონატი და საკალათბურთო ღონისძიება, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო მარტის დასაწყისიდან შეჩერებული იყო, გაუქმდა.
კალათბურთის ფედერაციამ ჩემპიონატების გაუქმების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საკალათბურთო კლუბების დაფინანსების საკითხი დადებითად გადაწყდა. ყველა საბიუჯეტო დავალიანება, რომელიც სუპერლიგისა და “ა” ლიგის გუნდებს მიმდინარე სეზონში ეკუთვნოდათ, დაფარულია. ფედერაცია მოქმედებდა პრინციპით, რომ კალათბურთელებმა და საკალათბურთო სამყაროს წევრებმა ეპიდემიის გამო შექმნილი რთული ეკონომიური მდგომარეობა დანაკარგის გარეშე გადაიტანოს.
კალათბურთის ეროვნული ფედერაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად გააგრძელებს მუშაობას მიმდინარე სიტუაციის შეფასებისა და სამომავლოდ კალათბურთის განვითარებისათვის გასატარებელი აუცილებელი ღონისძიებების შესამუშავებლად, რათა ივლისის თვეში დაგეგმილ მომავალ გამგეობის სხდომაზე მის წევრებს ნათელი სურათი შეექმნათ მომავალი სეზონის ჩემპიონატების დაწყების თარიღების განსაზღვრისათვის.