ბორჯღალოსნებმა 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში, პარიზში, „სტად ჟან ბუენზე“ პორტუგალია 39:24 დაამარცხა და ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ჩემპიონის ტიტული მეთორმეტედ მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს 7 ლელო გაუტანა, თავად სამი გაუშვა და ბონუს ქულაც ჩაიწერა. მიუხედავად საბოლოო შედეგისა, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე წელს დაბრუნებულმა პორტუგალიამ, ჩვენს გუნდს მედგარი ბრძოლა გაუმართა და 62-ე წუთამდე 3-ჯერ მოახერხა დაწინაურება, თუმცა დასკვნით წუთებში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.
პირველი ტაიმი
ანგარიში ბორჯღალოსნებმა დებიუტშივე გახსნეს. გასატანი პოზიციიდან ჯარიმა აუტში გაიგზავნა, 5-მეტრიანი დერეფნიდან კარგი მოლი დავაყენეთ და შალვა მამუკაშვილმა მე-10 სანაკრებო ლელო გაიტანა, სოსო მათიაშვილმა კი გარდასახა. პორტუგალიამ მალევე გვიპასუხა, მანუელ პინტუმ ხაზი გაჭრა, მასზე ბოლო ბოჭვაც გაფუჭდა და ლელო-გარდასახვით ანგარიში გათანაბრდა.
ამან ჩვენს გუნდზე არ იმოქმედა, მე-10 წუთზე იერიში ფრთაზე გაიშალა, დემე თაფლაძემ კიდესთან მცველი აიყვანა და ოფლოუდით ბურთი ბექა გორგაძეს გაატანა, რომელმაც მბოჭავი კონტაქტით ჩამოიცილა და ლელოთი დაგვაწინაურა. ამას შეცდომები მოყვა, რითაც მეტოქემ 22-ე წუთზე იხეირა, დანი ანტუნეშმა თავის ნახევარზე გადაცემა ჩაჭრა და შეტევაში გართულ ბორჯღალოსნებს კონტრშეტევაზე მეორე საპასუხო ლელო გაუტანა, ის თავადვე გარდასახა და მასპინძლები დააწინაურა.
გარკვეული პერიოდით პორტუგალიამ მოახერხა ჩვენს ნახევარზე დარჩენა და ჯარიმით უპირატესობის გაზრდაც შეეძლო, მაგრამ დარტყმა არაზუსტი იყო. 34-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთხელ მოახერხა უპირატესობის დაბრუნება. მოლიდან გამოსული ბურთი ლაშა ხმალაძეს მიუვიდა, რომელმაც მეტოქის ბურჯი აიყვანა და ინტერვალში დავით კაჭარავა შეუშვა. მისთვის ეს 122-ე სანაკრებო მატჩში 25-ე გატანილი ლელოა და ყველა დროის საუკეთსო მელელოვე მამუკა გორგოძესთან, სხვაობა 2 ლელომდე დავიდა. მათიაშვილის გარდასახვა კვლავ არაზუსტი იყო, გაწითლებულ დროზე ლელოში მოლით შეტანილი ბურთი წინ გადაგვივარდა და ტაიმი 17:14 დასრულდა.
მეორე ტაიმი
მეორე ტაიმი ბორჯღალოსნებმა არეულად დაიწყეს და კიდევ ერთხელ გაიჭრა ხაზი, ამჯერად ეს ლუიშ ბატიშტამ მოახერხა და ლელოში ბურთი ჟოაუ ბელუს შეაყოლა, ზუსტი გარდასახვის შემდეგ კი, მეტოქე 4 ქულით დაწინაურდა. მალე ანტუნეშს ჯარიმა გაუცუდდა, 10 წუთის შემდეგ კი, ბორჯღალოსნები ინიციატივას დაეუფლნენ და 5-მეტრიანი დერეფნის შემდეგ, მოლი ლელოთი ბექა საღინაძემ დაასრულა. მისთვის ეს პირველი სანაკრებო ლელო იყო. გარდასახვა ამჯერად გელა აფრასიძემ შეასრულა და ბურთი ძელმა აისხლიტა – 22:21.
პორტუგალიამ მეორე ტაიმის შუაში ჯარიმით მესამედ და საბოლოოდ მოიპოვა უპირატესობა, დასკვნით წუთებში კი, ჩვენი გუნდი ათამაშდა და სამი ლელო გაიტანა. 67-ე წუთზე ხაზი საღინაძემ გაჭრა და 5-მეტრიან წყვეტილამდე იარა, ბურთი მარჯვნივ გაიშალა, სადაც რიცხობრივი უპირატესობა გვქონდა და ხმალაძის გადაცემის შემდეგ, ლელო გარდაუვალი იყო, თუმცა ის მეტოქემ წესების დარღვევით ჩაჭრა და თავად სინბინით, ხოლო გუნდი საჯარიმო ლელოთი დაისაჯა.
განახლდა თუ არა თამაში მორიგი ლელო გავიდა და ის 19 წლის დემე თაფლაძის ანგარიშზეა, რომელმაც ეროვნულის კვართით მეორეედ ითამაშა. ჩვენი ნახევრიდან ხელდახელ დაწყებული შეტევისას, სოსო მათიაშვილმა ხაზი გაჭრა და მას ფრთაზე თაფლაძე მიყვა. მალე მეტოქე გადაცემისას საკუთარ 22-ში შეცდა, ბურთს ფეხი ჯერ თაფლაძემ, მერე მათიაშვილმა წაკრა, ამ უკანასკნელმა ის თავად აიტაცა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. ამჯერად გარდასახვა თედო აბჟანდაძეს გაუცუდდა.
ნაადრევი პირველობა
პორტუგალიასთან შეცვლაზე ითამაშეს და პირველი სანაკრებო კეპი მოიხვეჭეს 21 წლის მესამეხაზელმა თორნიკე ჯალაღონიამ და შუამარბმა ლაშა ლომიძემ.
ამ მოგების შემდეგ ბორჯღალოსნებს 19 ქულა მოუგროვდათ და პირველ ადგილზე არიან. მეოთხე ტურში რუსეთმა რუმინეთი 32:25 დაამარცხა, ხოლო ესპანეთმა ბელგიას სტუმრად 30:23 აჯობა. სატურნირო ცხრილში 9-9 ქულით მეორე-მესამე ადგილებს პორტუგალია და ესპანეთი იყოფენ, ჩვენი მომავალი მეტოქე რუსეთი 8 ქულით მეოთხეა, ბელგიას 7 ქულა აქვს და მეხუთე პოზიციაზეა, ხოლო რუმინეთი მას 2 ქულით ჩამორჩება.
საქართველოს ნაკრები დასკვნით ტურში 14 მარტს, რუსეთს „მიხეილ მესხზე“ მასპინძლობს. შეხვედრა 16 საათზე დაიწყება.
მატჩის შემდეგ
ნამატჩევს ბორჯღალოსანთა თავკაცმა ლევან მაისაშვილმა განაცხადა:
„პორტუგალია არის გუნდი, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობთ. ისინი მებრძოლები არიან, გულით თამაშობენ, რაც დღეს მოედანზე კიდევ ერთხელ დამტკიცდა. შეცდომები დავუშვით, რის გამოც პირველ ტაიმში წნეხში მოვექეცით. მეორე ტაიმში გუნდის ლიდერებმა თავისი თამაში იპოვნეს და კარგი პერფორმანსი შემოგვთავაზეს, რაც ანგარიშშიც აისახა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა გუნდი, ვისაც ამ ტურნირში ვეთამაშებით, იყოს ძლიერი, რადგან მხოლოდ ძლიერებთან ხშირი თამაშითაა შესაძლებელი განვითარება და წინსვლა“.
რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2020. IV ტური
პარიზი (საფრანგეთი). სტად ჟან ბუენი
პორტუგალია – საქართველო 24:39
საქართველო
ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენს), 14. დემე თაფლაძე (ლელო-სარასენს), 13. დავით კაჭარავა (ენისეი), 12. ლაშა მალაღურაძე (ვევეა), 11. ალექსანდრე თოდუა (ბათუმი), 10. ლაშა ხმალაძე (ბათუმი), 9. გიორგი ბეგაძე (ჯიქი);
შერკინება: 1. გიორგი თეთრაშვილი (აჟენი), 2. შალვა მამუკაშვილი (ყოჩები), 3. ლევან ჩილაჩავა (მონპელიე), 4. ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი), 5. დავით გიგაური (კოლომიე), 6. ბექა საღინაძე (ორიაკი), 7. გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), 8. ბექა გორგაძე (ბორდო, კაპ.).
მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე); 19. შალვა სუთიაშვილი (ანგულემ), 20. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი); 21. გელა აფრასიძე (მონპელიე), 22. თედო აბჟანდაძე (ბრივი), 23. ლაშა ლომიძე (აია).
7 ლელო: მამუკაშვილი, გორგაძე, კაჭარავა, საღინაძე, საჯარიმო, თაფლაძე, მათიაშვილი
1 გარდასახვა: მათიაშვილი