თორნიკე შენგელიამ ევროლიგაში მორიგი შედეგიანი თამაში ჩაატარა, ამის მიუხედავად „ბასკონიამ“ კიდევ ერთი მარცხი განიცადა. ამჯერად ვიტორიელებმა სტამბოლის „ფენერბახჩეს“ უმასპინძლეს და ღირსეული წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს – 65:79.
„ფენერი“ ესპანეთში მთელი თამაშის განმავლობაში დომინირებდა და გამარჯვება უპირველესად გუნდური ასპარეზობის ხარჯზე მოახერხა. „ბასკონიას“ რიგებში კი შენგელია შეუჩერებელი იყო, მაგრამ სამწუხაროდ მის გვერდით არ აღმოჩნდა მოთამაშე, რომელიც ქართველ ფორვარდს მხარს სათანადად აუბამდა.
თორნიკემ პრაქტიკულად შეუცვლელად ითამაშა, 37:09 წუთში 21 ქულა, შვიდი მოხსნა, სამი პასი, ერთი ჩაჭრა და სამი დაფარება მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა რვიდან ექვსი ორქულიანი, ორიდან ორი სამქულიანი და სამიდან სამი საჯარიმო ჩააგდო.
შედეგად, შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტი 37 აღმოჩნდა. ორივე გუნდის რიგებში სარგებლიანობის მაჩვენებლით შენგელიას ბადალი არ ჰყოლია.
