საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მოქმედმა მფლობელმა თბილისის “საბურთალომ” კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 34-ე სეზონი გამარჯვებით დაიწყო. პირველი ტურის ბოლო შეხვედდრაში ლევან კორღალიძის გაწვრთნილმა გუნდმა წყალტუბოს “სამგურალს” უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ მატჩის მსვლელობისას აგებდა, 3 ქულა მაინც აიღო. თამაშის წინ ორივე გუნდმა უკრაინის მხარდაჭერა ბანერის თანხლებით გამოხატა.
მატჩის მე-11 წუთზე ბაქარ ქარდავას გადაცემა მოედნის ცენტრში დემურ ჩიხლაძემ ჩაჭრა და ულამაზესი დარტყმით კარიდ შორს გამოსულ ოთო გოშაძეს ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო. გოლი ისეთი გამოვიდა, რომელსაც ხელს მსოფლიოს ნებისმიერი ვარსკვლავი მოაწერდა.
44-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე იური ტაბატაძე ერთ მეტოქეს გასცდა და საჯარიმოში შესული ჩიხლაძემ წააქცია, რის გამო, მთავარმა მსაჯმა ირაკლი კვირიკაშვილმა პენალტი დანიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა ზუსტად შეასრულა – 1:1.
შეხვედრის გმირი “საბურთალოს” ახალწვეული ბაქარ ქარდავა აღმოჩნდა, რომელმაც 84-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილი ნოდარ იაშვილის გადაცემის შემდეგ ბურთს კარში ადგილი მიუჩინა და გიორგი მიქაძის გუნდი უქულოდ დატოვა.





