ზივზივაძის პირველი დუბლი “უიპეშტის” მაისურით

0
70

ბუდუ ზივზივაძემ “უიპეშტში” მართლაც შთამბეჭდავად დაიწყო. თუ პირველ მატჩში მან ერთი გოლი გაიტანა, დღეს ქართველმა ფორვარდმა დუბლი მიითვალა. “უიპეშტმა” უნგრეთის უმაღლესი დივიზიონის 22-ე ტურში “მეზიოკოვეშდს” უმასპინძლა და ზივზივაძის წყალობით 3 ქულა აიღო. მან შეუცვლელად ითამაშა და ანგარიში 35-ე წუთზე გახსნა, როდესაც გიორგი ბერიძემ კარგად შეაყოლა ბურთი სტუმართა საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილ პავლიევიჩს, რომელმაც კარის წინ მდგომი ზივზივაძე მოძებნა და დანარჩენი “ტექნიკის” საქმე გახლდათ. 53-ე წუთზე, როდესაც 1:1 იყო, ზივზივაძე მოწინააღმდეგის საჯარიმოში მარცხნიდან შევიდა, ერთ მცველს გაცდა და შორეულ კუთხეში ლამაზი გოლი გაიტანა. მან უკრაინისადმი სოლიდარობა ხელზე გაკეთებული ე.წ. “მანჟეტით” გამოხატა, რომელიც ნახსენები ქვეყნის დროშის ფერებშია გადაწყვეტილი. 66-ე წუთზე თავის გამოჩენა ბერიძესაც შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა. “უიპეშტმა” მესამე გოლი 85-ე წუთზე გაიტანა, ხოლო ბერიძე 88-ე წუთზე შეცვალეს. ზივზივაძემ, რომელიც “ფეჰერვარმა” “უიპეშტში” სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა ახლა გუნდში 2 შეხვედრაში 3 გოლი მიითვალა, ხოლო საერთო ჯამში მის ანგარიშზე 5 ბურთია. ამ გამარჯვების წყალობით “უიპეშტმა” გასავარდნ ზონას თავი დააღწია და 24 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 პოზიციაზეა.
კვიპროსის ჩემპიონატის 22-ე ტურში “დოქსამ” “პაეკი” მიიღო და 2:1 სძლია. მასპინძლების სასტარტო შემადგენლობაში ქართველი შემტევი ნახევარმცველი ავთო ებრალიძე იყო, რომელმაც 52-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 87-ე წუთზე შეცვალეს.
ჩეხეთის ჩემპიონატის 23-ე ტურშო “კარვინამ”, სადაც დავით კობოური გამოდის შინ “ჩეშსკე ბუდოვიცესთან” 2:2 ითამაშა. ქართველმა მცველმა მოედანზე 2 ტაიმი დაჰყო.