ბრატისლავას „სლოვანი“, რომელშიც გურამ კაშია თამაშობს, კონფერენს ლიგის გათამაშებას გამოეთიშა. კონფერენს ლიგის ფაზის მე-6 დასკვნით ტურში სლოვაკებმა შვედეთის „ჰაკენი“ მიიღო და 1:0 სძლია.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ამჯერად „სლოვანსაც“ უკაპიტნა და შეუცვლელად ითამაშა. 85-ე წუთზე მან თავით პასი მეტოქის ნახევარზე ბლეკმენს გაუკეთა, რომელიც მარჯვენა ფლანგზე ორ მეურვეს გაექცა, ხოლო საჯარიმოში შესული ერთ მცველს გაცდა და გამარჯვების გოლი გაიტანა.
„სლოვანმა“ 6 ქულით 36-გუნდიან სატურნირო ცხრილში 29-ე ადგილი დაიკავა და გაზაფხულზე კონფერენს ლიგაში არ ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ პირველიდან მერვე ადგილზე გასულმა გუნდებმა 1/8-ფინალის საგზური ავტომატურად მოიპოვეს. გუნდები, რომლებიც მეცხრედან ოცდამეოთხე ადგილი დაიკავეს, 1/8-ფინალში მოსახვედრად პლეი-ოფში იასპარეზებენ.
ლაშა თაბაგარი





