ვინჩენცო მონტელა: “ეს ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია”

0
14

თურქეთის ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელ ვინჩენცო მონტელას მიაჩნია. რომ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სტარტზე საქართველოს ნაკრებთან თამაშია ყველაზე მნიშვნელოვანია. იტალიელმა სპეციალისტმა ამის შესახებ მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც თურქების მცველი მეჰირ დემირალიც დაესწრო.
ცნობისთვის, თურქებს თბილისში არ უვარჯიშიათ. მონტელამ წვრთნა სტამბოლში ჩაატარა და ამის შემდეგ გუნდი საქართვლოში ჩამოფრინდა.
ვინჩენცო მონტელა: „ოთხი მეკარე გვყავს, რომლებიც ძალიან კარგ ფორმაში არიან და ამიტომ მშვიდად ვართ. თუმცა ვინ ითამაშებს, წინასწარ ამაზე საუბარი არ მიყვარს. რაც შეეხება 2001 წლის შორეულ მოგონებას და თბილისში თამაშს, ეს ისტორიაა, ის სხვა დრო იყო, სხვა ნაკრებები, მაშინ ფეხბურთელი ვიყავი სხვა ნაკრებში, ახლა სხვა ნაკრებში ვმუშაობ. თუმცა, ეს თამაში ძალიან კარგად მახსოვს.
საქართველოს ნაკრებს დიდ პატივს ვცემ, ეს არის გუნდი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე თავისი თამაშით მთელი ქვეყანა გააბედნიერა და ხალხი ამაყობდა, როგორც ჩვენ შევძელით ჩვენი ქვეყნის გახარება. საქართველო ბოლო ერთი წლის განმავლობაშიც ნამდვილად განვითარდა და საშიშია. ძალიან რთული თამაში იქნება, მზად ვარ, ჩვენი ფეხბურთელებიც მზად არიან და იციან ამ მატჩის სირთულე, მოედანზე სასურველი შედეგისთვის გავალთ.
წელს არდას ყველა თამაში ვნახე, რომლებიც სხვადასხვა პოზიციაზე ითამაშა, ნახევარდაცვაშიც და თავდამსხმელის უკან 10 ნომრის პოზიციაზეც. რომელ პოზიციაზე მოვიაზრებ ნაკრებში, დამოკიდებულია მეტოქეზე და თამაშზე, ამ მხრივ ბევრი არაფერი იცვლება.
ნაკრების ბევრმა ფეხბურთელმა კლუბი შეიცვალა? ამას ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ, ბევრმა ფეხბურთელმა შეიცვალა კლუბი, მაგრამ ეს დიდ ფეხბურთელებზე გავლენას არ ახდენს. ფეხბურთელებმა შეკრების პირველივე დღიდან აჩვენეს, რომ გუნდში ბოლომდე ჩართული არიან, არ მგონია, რაიმე პრობლემა იყოს.
შემტევების კარგი ფორმა? კონკურენციას ყოველთვის დადებითი ეფექტი აქვს. როდის უნდა ინერვიულო? როცა ფორმაში მყოფი ფეხბურთელები არ გყავს, მაშინ უნდა ინერვიულო. თუ ყველა ფეხბურთელი ერთად მუშაობს, ისინი, ვინც ძირითადში არიან და ვინც შეცვლაზე შედიან, სანერვიულო არაფერია.
ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში, რადგან პირველია და რთული მეტოქე გვყავს, რაც ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩის წინაც ვთქვი. ჩემი აზრით, ეჭვგარეშე ეს ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია, მაგრამ შესაბამისად მოვემზადეთ და ყველაფერს გავაკეთებთ დადებითი შედეგისთვის.
სტადიონზე ნამდვილად ცხელი ატმოსფერო იქნება და საქართველოს დიდი მხარდაჭერა ექნება. რაც შეეხება თამაშს, ყველა მატჩი განსხვავებულია, ყველა მატჩს თავისი ისტორია აქვს. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები კონკრეტული ტაქტიკით თამაშობდა, მაგრამ ბოლო მატჩებში რაღაც შეცვალეს”.
მერიჰ დემირალი: “ეს ჯგუფში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია და გვსურს, გამარჯვებით დავიწყოთ. საქართველო ევროპის ჩემპიონატთან შედარებით გაუმჯობესდა და ჩვენც მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს. სრულად მომზადებულები ვართ, ყველაფერი კარგადაა, ვივარჯიშეთ. ძალიან კონცენტრირებულები ვართ და იმედია, ხვალ მოედანზე ჩვენს ქვეყანას საუკეთესოდ წარმოვადგენთ. ჩვენი განწყობა მაღალია, გუნდის ყველა წევრი ბედნიერია აქ ყოფნით და ერთად ვერთობით. მზად ვართ და ეროვნული ნაკრების მაისურით ერთად ყოფნა შესანიშნავი შესაძლებლობაა. მოედანზე საუკეთესო პასუხს გავცემთ.
მიზანი ჯგუფში? ყველა შესაძლებლობისთვის მზად ვართ, მაგრამ გვინდა, რომ მატჩიდან მატჩამდე ვიმუშაოთ. ყველა ძალიან მოტივირებულია. ამდენი წლის შემდეგ გვაქვს შანსი, მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდეთ. პირველი ადგილიც შორს არ არის და მეორე ადგილის შანსიც არსებობს, მაგრამ გვინდა, რომ მატჩიდან მატჩამდე ვიმუშაოთ. იმედია, ხვალ საუკეთესოდ დავიწყებთ და შემდეგ ჯგუფს საუკეთესოდ დავასრულებთ.
დაძაბულობა ნაკრების ორ ფეხბურთელს შორის? ალბათ, ასე ჰგონიათ, მაგრამ ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს. ჩვენი განწყობა ძალიან კარგია, ძალიან ბედნიერები ვართ, მზად ვართ და დარწმუნებული ვარ, ხვალ ამას ვაჩვენებთ.
კვარას წინააღმდეგ ვითამაშე, კარგი მოთამაშეა. საქართველოს სხვა ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ არავის გვეშინია. ჩვენ ვიცნობთ საკუთარ თავს და ვფიქრობ, მოედანზე საუკეთესო პასუხს გავცემთ”.
საქართველო – თურქეთის მატჩი თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” 20:00 საათზე დაიწყება.