კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო

0
3

ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო. ის კახა კალაძის შემდეგ მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის თასი აღმართა. უბრალოდ, კალაძემ სამი ფინალი ითამაშა „მილანთან“ ერთად, ხოლო კვარაცხელიამ – ორი. შეგახსენებთ, რომ კალაძე საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანია, ხოლო კვარაცხელია – ამჟამინდელი.
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეტის „პუშკაშ არენაზე“ გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალი პსჟ-სთვის ცუდად დაიწყო, რადგან მე-6 მარკინიოსის მოგერიებული ბურთი ტროსარს აშკარად ხელში მოხვდა და კაი ჰავერცს მიუვიდა, რომელიც მეკარესთან პირისპირ გასვლა ანგარიშის გახსნით დაასრულა. ამ ეპიზოდში რუსმა მეკარე საფონოვმა ჩაიჩოქა და ხელები ზემოთ არ ასწია.
გერმანელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მესამე მოთამაშეა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი ორი სხვადასხვა გუნდის მაისურით გაიტანა. მანამდე, იმავე პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანუ რონალდუმ („მანჩესტერ იუნაიტედი“ და „რეალი“) და ხორვატმა მარიო მანჯუკიჩმა („ბაიერნი“ და „იუვენტუსი“) მოახერხეს.
მე-16 წუთზე პსჟ-მ კუთხური ჩააწოდა და საჯარიმოში ბუკაიო საკას მოგერიებული ბურთი ჯერ ერთ ხელში მოხვდა, შემდეგ მეორეში, მაგრამ მსაჯმა პენალტი მაინც არ დანიშნა.
65-ე წუთზე კვარაცხელიამ ლონდონელთა საჯარიმოში „კედელი“ დემბელესთან გაითამაშა და მოსკერამ წააქცია, რის გამო, მსაჯმა თერთმეტმეტრიანი ნიშნულისკენ მიუთითა. დემბელემ პენალტი ზუსტად შეასრულა.
ანგარიშის გათანაბრებიდან ცოტა ხანში კვარცხელიამ თავით მოედნის ცენტრში თავის ზემოთ ბურთი სალიბას გადაუგდო და საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა დაარტყა, თუმცა ბურთი ლუის-სკელის ფეხიდან გვერდით ძელს მოხვდა.
83-ე წუთზე პსჟ-ს თავკაცმა ლუის ენრიკემ ცოტა უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და კვარაცხელია შეცვალა. მართალია, ხვიჩას წვივის მცირე დაზიანება ჰქონდა და გადახვეული ფეხით თამაშოდა, მაგრამ ეს ხელს ნამდვილად არ უშლიდა. მალე დემბელეც დაშავდა და მოედანი დატოვა.
მატჩის ძირითადი დროის ბოლოს წუთზე „არსენალის“ საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა ბარკოლამ საუცხოო შანსი ხელიდან გაუშვა და ბურთი კარს ააცილა.
მატჩის დამატებითმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ხოლო პენალტების სერიაში პსჟ-მ 4:3 გაიმარჯვა. ჩემპიონთა ლიგის დაარსების შემდეგ, პსჟ მადრიდის „რეალის“ შემდეგ მეორე გუნდი გახდა, რომელმაც თასი ზედიზედ მეორედ აღმართა.
კვარაცხელიამ 2025-2026 წლების სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში 28-ჯერ ითამაშა – 8 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა. მან საფრანგეთის თასზე ერთი შეხვედრა გამართა.
ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 16 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა. მან პლეი-ოფში 8-ჯერ ითამაშა და 7 გოლის (2 დუბლი) გატანის გარდა, 3 საგოლე გადაცემა მიითვალა. ის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც ერთ გათამაშებაში პლეი-ოფის ზედიზედ 7 შეხვედრაში საგოლე მოქმედება შეასრულა. ის ჩემპიონთა ლიგის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ოთხჯერ დაასახელეს. მან საკონტინენტთაშორისო თასზე ერთხელ იასპარეზა და ერთი გოლი შეაგდო. გარდა ამისა, კვარაცხელიამ ერთხელ ევროპის სუპერთასზე იასპარეზა.
ხვიჩამ, რომელიც პსჟ-ს 2025 წლის იანვარში შეუერთდა, გუნდთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი  და ჩემპიონთა ლიგაორჯერ, ხოლო საფრანგეთის თასი, საფრანგეთის სუპერთასი, ევროპის სუპერთასი და საკონტინენთაშორისო თასი თითოჯერ მოიგო. მან ასევე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, სადაც პსჟ ლონდონის „ჩელსისთან“ დამარცხდა.
ლაშა თაბაგარი