საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლს ფეხბურთელების მოტივაცისა და მზადყოფნაში ეჭვი არ ეპარება. ფრანგმა სპეციალისტმა ამის შესახებ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სტარტზე ხვალ თურქეთთან გასამართ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომელსაც გუნდის კაპიტანი გურამ კაშიაც დაესწრო.
ვილი სანიოლი: “რა თქმა უნდა, მოსამზადებლად ცოტა დრო გვქონდა, ორი დღე საკმარისი არაა და ეს პრობლემა ყოველთვის არსებობს, მაგრამ იგივე პრობლემა აქვს თურქეთს და ყველას, ამდენად, ეს პრობლემა აღარაა.
ევრო 2024-ის მატჩი? ყველა თამაშს თავისი ისტორია აქვს, ორი განსხვავებული ტურნირია, შესაბამისად, განსხვავებული მატჩებიც. რაც შეეხება კვარაცხელიას, კი, მას ჰქონდა პატარა პრობლემები, მაგრამ ახლა კარგადაა და ხვალ, მჯერა, რომ ძალიან კარგად ითამაშებს.
გუნდის მოტივაციასა და მზადყოფნაში ეჭვი არ მეპარება, ხვალ ყველა მოტივირებულია, ახალწვეულების ინტეგრირებაც კარგად მიმდინარეობს და ყველა მზადაა თამაშისთვის. ვფიქრობ, გუნდი კარგ ფორმაში იქნება.
რომელ თურქ ფეხბურთელს დავიმატებდი? ჰამით ალტინტოპს, რადგან შესანიშნავი ადამიანი და კარგი მეგობარია, მინდა, მას მოკითხვა გადავცე“.
გურამ კაშია: „სანაკრებო შეკრებებზე დროში თითქმის ყოველთვის შეზღუდულები ვართ, მაგრამ ძალიან კარგ რაღაცებზე ვიმუშავეთ, ნაყოფიერი ვარჯიშები იყო, ტაქტიკური ვარჯიშები გვქონდა. კარგად ვიცით, რა დავალება გვაქვს.
მახსოვს ის მატჩი კარგად ჩავატარეთ. სამწუხარო იყო, რომ მაშინ 3 გოლი გავუშვით, რასაც არ ვიმსახურებდით. ხვალ ვფიქრობ, მეტი თავდაჯერებით, რწმენით და საკუთარ გულშემატკივართან ერთად ვითამაშებთ. ვეცდებით ქულები ავიღოთ, ეს არის ჩვენი მიზანი. ძალიან სამწუხაროა ასეთი ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელის კიტეიშვილის და ჩაკვეტაძის დანაკლისი. ვიცით, მათ გარეშე ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ როგორც ვთქვი, ნაყოფიერი ვარჯიშები გვქონდა და იმედიანად ვართ განწყობილი. თუმცა, ყველამ იცის, კიტესთან ერთად სხვა გუნდი ვართ და კიტეს გარეშე სულ სხვა. მიუხედავად ამისა, იმედი გვაქვს, რომ ეს დანაკლისი ძალიან არ დაგვეტყობა.
რა თქმა უნდა, რეალურად უნდა შევაფასოთ ეს ჯგუფი და ძალიან რთულია. ესპანეთი ვიცით, როგორი ნაკრებია და რამდენად რთულია მასთან თამაში. ძალიან ბევრჯერ ვითამაშეთ მის წინააღმდეგ, მარტო მე 7-8-ჯერ ვეთამაშე და ყოველთვის ძალან რთული იყო. მასთან ქულების დაგეგმა ძალიან რთული იქნება, მაგრამ ეს ყველა ნაკრებს ეხება, რადგან ესპანეთს ყველასთან მოგება აქვს დაგეგმილი. თუ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა გინდა, თურქეთსა და ბულგარეთთან უნდა იბრძოლო. ხვალინდელი თამაში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ამ ორ თამაშში გამოჩნდება რეალობა როგორია, გვინდა, რომ ხვალ მოვიგოთ, რადგან თურქეთთან გამარჯვება ჯგუფიდან გასვლის ერთადერთი შანსია. ამის მჯერა და თამაშის მერე უფრო მეტი გვეცოდინება.
გულშემატკივრებთან ჩემი მოწოდება უბრალოდ ის იქნება და უგულშემატკივრონ გუნდს, როგორც აქამდე აკეთებდნენ. ბოლო წლებში სამაგალითო გულშემატკივარი გვყავს, განსაკუთრებით ქომაგები, რომლებიც ყოველთვის ბოლომდე გვიდგანან გვერდში. არანაირი მოწოდება, უბრალოდ მხარში დაგვიდგნენ და ვეცდებით, რომ თამაშის მერე გავახაროთ. ვფიქრობ, ისინი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე არიან და ვთხოვ, რომ ასე გააგრძელონ”.
საქართველო- თურქეთის მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი





