„დინამომ“ „მეშახტე“ გაანადგურა

0
1

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-16 ტური წყალტუბოში დასრულდა, სადაც 26 მაისის სახელობის სტადიონზე ტყიბულის „მეშახტემ“ თბილისის „დინამო“ მიიღო და დიდი ანგარიშით დამარცხდა.
მატჩის მე-5 წუთზე ნიკა ნინუას ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, „დინამოს“ მცველმა ნუმან კურდიჩმა ტყიბულელი მცველების არადამაჯერებელი თამაშით ისარგებლა და თავით ანგარიში გახსნა – 0:1.
მე-20 წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა გიორგი ხარაიშვილმა მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა და მათე ვაწაძემ ვარდნაში თბილისელები კიდევ უფრო დააწინაურა – 0:2.
27-ე წუთზე ნინუამ მარჯვენა ფრთიდან ზუსტი პასი გაუკეთა „მეშახტეს“ საჯარიმოში გახსნილ ნიკოლოზ უგრეხელიძეს, რომლის თავური ზუსტი აღმოჩნდა – 0:3.
63-ე წუთზე ხარაიშვილმა ტყიბულელთა საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაზე გახსნილი კოტდივუარელი ნახევარმცველი აბდულაე იორო მოძებნა, რომელმაც ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა – 0:4.
67-ე წუთზე თორნიკე კვარაცხელიამ პენალტი შეასრულა და „მეშახტეს“ მეკარე ლევან ტყეშელაშვილმა ბურთი მოიგერია. 73-ე წუთზე თბილისელთა საჯარიმოში მარცხნიდან ბურთიანად შესულმა ბოსნიელმა ტარიკ შიკალომ კარგი ფინტით ხარაიშვილი ჩამოცილა და გადაცემა მათე კვირკვიას გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა – 1:4.
83-ე წუთზე ლუკა ციკოლიამ მასპინძლების მეკარესთან პირისპირ იორო დატოვა, რომელმაც დუბლი შეასრულა. 87-ე წუთზე „დინამოს“ კონტრშეტევის დროს საბა ხარებაშვილმა ზუსტი პასი „მეშახტეს“ კარის წინ მდგომ ირაკლი სირაძეს გაუკეთა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:6.
თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ „დინამოს“ 25 ქულა აქვს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეოთხეა. ლადო ბურდულის ხელმძღვანელობით „მეშახტემ“ 10 ქულა დააგროვა და ბოლოა.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-17 ტური 12 ივნისს გაიმართება, რადგან საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში „მიხეილ მესხზე“ ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს – 2 ივნისს რუმინეთთან, ხოლო 5 ივნისს ბაჰრეინთან.
ლაშა თაბაგარი