„არსენალის“ ყოფილ მარჯვენა მცველ ემანუელ ებუეს ხვიჩა კვარაცხელიას ხილვა „მეთოფეთა“ რიგებში სურს.
„საოცარი ფეხბურთელია. არ ვიცი ამდენი ხანი „ნაპოლიში“ რატომ თამაშობდა. ის ძალიან კარგია, რაც ადვილი გასაგებია, რადგან ამის დემონსტრირებას დიდ სცენაზე ყოველთვის ახერხებს.
ფინალის შემდეგ „არსენალში“ თუ გადავა ბედნიერი ვიქნები, მაგრამ პსჟ-ს მასთან განშორება გაუჭირდება. თუმცა, ვნახოთ რა მოხდება „არსენალის“ გამარჯვების შემთხვევაში“ – აღნიშნა კოტდივუარის ეროვნული ნაკრების ექსფეხბურთელმა.
კვარაცხელიამ 2025-2026 წლების სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში 28-ჯერ ითამაშა – 8 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა. მან საფრანგეთის თასზე ერთი შეხვედრა გამართა.
ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 15 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა. მან პლეი-ოფში 8-ჯერ ითამაშა და 7 გოლის (2 დუბლი) გატანის გარდა, 3 საგოლე გადაცემა მიითვალა. ის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც ერთ გათამაშებაში პლეი-ოფის ზედიზედ 7 შეხვედრაში საგოლე მოქმედება შეასრულა. ის ჩემპიონთა ლიგის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ოთხჯერ დაასახელეს. მან საკონტინენტთაშორისო თასზე ერთხელ იასპარეზა და ერთი გოლი შეაგდო. გარდა ამისა, კვარაცხელიამ ერთხელ ევროპის სუპერთასზე იასპარეზა.
ხვიჩამ, რომელიც პსჟ-ს 2025 წლის იანვარში შეუერთდა, გუნდთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი ორჯერ, ხოლო საფრანგეთის თასი, საფრანგეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და საკონტინენთაშორისო თასი თითოჯერ მოიგო. მან ასევე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, სადაც პსჟ ლონდონის „ჩელსისთან“ დამარცხდა.
30 მაისს პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბუდაპეშტში „პუშკაშ არენაზე“ ლონდონის „არსენალს“ დაუპირისპირდება.
ლაშა თაბაგარი





