კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-17 ტურის მეორე სათამაშო დღეს „გაგრამ“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აუტსაიდერი „თელავი“ მიიღო და 3:0 დაამარცხა. გიორგი ონიანის გაწვრთნილი გუნდი ვაკეში საშინაო მატჩებს იმიტომ ატარებს, რომ დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე მოედნის საფარს ცვლიან.
პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიშის გახსნის რეალური შანსი სტუმართა ნახევარმცველ ნიკა ცეცხლაძეს ჰქონდა, რომელმაც ახლო მანძილიდან ბურთი კარს ააცილა.
59-ე წუთზე თელაველებმა თავის ნახევარზე დაკარგეს ბურთი და გიორგი გაბედავას გადაცემის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა პედდრო ბორჟესმა ძლიერი დარტყმით გაიტანა – 1:0.
ანგარიშის გახსნიდან ცოტა ხანში შეცვლაზე შესული ნიკა კაჭარავა „თელავის“ მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ბურთი კარს გადააცილა. ამის შემდეგ, შორი მანძილიდან გია ნადარეიშვილის დარტყმული ბურთი სტუმართა კარის ზედა ძელს მოხვდა. ამ ეპიზოდიდან მცირე ხანში თავის გამოჩენა გიორგი პაპუაშვილს შეეძლო, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან კარს ააცილა.
თავის მხრივ ორი სახიფათო მომენტი „თელავმაც“ შექმნა, მაგრამ ბელარუსმა მეკარე რამან სციაპანაუმ ჯერ მიხეილ ბაშალეიშვილს არ გაატანინა, ხოლო შემდეგ ანდრია დევდარიანის თავური გაანეიტრალა.
84-ე წუთზე ნადარეიშვილმა კუთხური ჩააწოდა და საჯარიმოში მყოფმა გიორგი ხარებაშვილმა თავით ბურთი კარში გადაგზავნა – 2:0. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე ილია კაციაშვილი სტუმართა საჯარიმოში მარცხნიდან შევიდა და დაარტყა – ბურთი მცველს ფეხს შეეხომ რის შემდეგ კარში ჩაეშვა. მან კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პირველი გოლი გაიტანა.
„გაგრა“ 20 ქულით 10 გუნდში მერვეა, ხოლო ვალერი გაგუას თავკაცობით „თელავმა“ 12 ქულა დააგროვა და ბოლოა.
გაგრა 3:0 თელავი
ლაშა თაბაგარი





