ტიაგო გომესის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, წყალტუბოს „სამგურალმა“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პირველი თამაში მოიგო. მანამდე, ბრაზილიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ზედიზედ სამჯერ დამარცხდა.
წყალტუბოელები გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილ ბათუმის „დინამოს“ 26 მაისის სახელობის სტადიონზე უმასპინძლეს და ბევრისთვის მოულოდნელად სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს.
მატჩის მე-12 წუთზე ბათუმელთა საჯარიმოში შეჭრილმა ჯეფერსონ ჯერალდომ პასი გიორგი ფანცულაიას გაუკეთა, რომელმაც საჯარიმოს გარედან ბურთი თავს ზემოთ კარიდან წინ გამოსულ ლუკა ხარატიშვილს გადაუგდო – 1:0.
26-ე წუთზე ტაჯიკმა მცველმა მეხრუბონ ქარიმოვმა თავის საჯარიმოში კოტდივუარელი მოჰამედ ფოფანა წააქცია და მთავარმა მსაჯმა კობა რევეზაშვილმა პენალტი დანიშნა. ალბანელი უერდი მარას დარტყმული თერთმეტმეტრიანი ნოდარ ყალიჩავამ მოიგერია.
42-ე წუთზე ლუკა ხორხელმა თავის ნახევარზე აართვალ მეტოქეს ბურთი და შემდეგ მარჯვენა ფლანგზე გახსნილმა დემურ ჩიხლაძის პასი მიიღო, ხოლო საჯარიმოში შესულმა გიორგი ფანცულაია მოძებნა, რომელმაც დუბლი შეასრულა – 2:0.
55-ე წუთზე ნიკა კალანდარიშვილმა თავის საჯარიმოში მარჯვნიდან შესული ლუკა ხორხელი წააქცია და არბიტრმა ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ პენალტი დანიშნა, რომელიც გოლად თავად დაზარალებულმა აქცია. ხორხელმა ამ სეზონში მეოთხე პენალტი გაიტანა.
„სამგურალმა“ 7-მატჩიანი მოუგებელი (6 მარცხი და ერთი ფრე) შეწყვიტა და 15 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მეშვიდეა, ხოლო ბათუმის „დინამო“ 27 ქულით მეოთხეა.
სამგურალი 3:0 დინამო ბთ
ლაშა თაბაგარი





