დორტმუნდის „ბორუსია“ არსებობის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის ფინალში მესამედ გავიდა. ედინ ტერზიცის გაწვრთნილმა გუნდმა 1/2-ფინალის პირველ მატჩში შინ პსჟ 1:0 დაამარცხა, ხოლო სტუმრად იმავე ანგარიშით გამარჯვების შემდეგ „უემბლის“ საგზური დაიბევა.
პირველი ტაიმში მეტოქეებს ერთმანეთის კართან ბევრის ხიფათი არ შეუქმნიათ და მხოლოდ ადეიემის მომენტია გამოსარჩევი, რომლის გარღვევა დარტყმით დასრულდა, მაგრამ კობელმა იყოჩაღა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან 5 წუთში ბრანდტმა მარცხენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდა და შეტევაში ჩართულმა ცენტრალურმა მცველმა ჰუმელსმა თავით გაიტანა. 35 წლის ფეხბურთელი ყველაზე ასაკოვანი გერმანელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში თავი გამოიჩინა. მასზე უფროსები მხოლოდ რაიან გიგზი და ედინ ჯეკო არიან, რომელთავ 1/2-ფინალში გაიტანეს.
ანგარიშის გათანაბრება პსჟ-ს ცოტა ხანში შეეძლო, როდესაც რამდენიმე რიკოშეტის შემდეგ, ზაირ-ემერიმ კარის ახლოდან მარჯვენა მახვილი კუთიხიდან დაარტყა და ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. ამის შემდეგ, ნუნუ მენდეშმა დაარტყა შორი მანძილიდან და გერმანელები ისევ გვერდითმა ძელმა გადაარჩინა. თავის მხრივ გატანა კილიან მბაპესაც შეეძლო, როდესაც საჯარიმოში მყოფმა ერთი შეხებით დაარტყა და კობელის ხელიდან ბურთი ზედა ძელმა აისხლიტა. მატჩის დასრულებამდე ბევრი არაფერი რჩებოდა, როდესაც ვიტინია მეტოქის კარს შორიდან დაემუქრა და ბურთმა ხარიხა „შეაზანზარა“.
საბოლოოდ, ლუის ენრიკეს გაწვრთნილმა გუნდმა დორტმუნდელთა კარი ვერც მეორე შეხვედრაში აიღო, ხოლო „ბორუსიაა“ 2012-2013 წლების სეზონის შემდეგ ფინალში პირველად ითამაშებს. მაშინ, იურგენ კლოპის ხელმძღვანელობით დორტმუნდელები „ბაიერნთან“ დამარცხდნენ. „ბორუსიამ“ ჩემპიონთა ლიგა ერთადერთხელ 1997 წელს მოიგო, როდესაც ოტმარ ჰიტცფელდის თავკაცობით ფინალში მარჩელო ლიპის ტურინის „იუვენტუსს“ სძლია.
„ბორუსიას“ მეტოქე ფინალში დღეს გაირკვევა, როდესაც „რეალი“ თავოს მოედანზე „ბაიერნს“ დაუპირისპირდება. ამ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა მიუნხენში 2:2 დასრულდა.
ლაშა თაბაგარი




