კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-11 ტურის ბოლო მატჩში მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. მოქმედმა ჩემპიონმა ბათუმის “დინამომ” “გაგრა” მიიღო და დაგეგმილი სამი ქულის აღების ნაცვლად, მიმდინარე სეზონში მეორედ დამარცხდა.
სტუმრებიდან ერთადერთი გოლი გუნდის კაპიტანმა მათე ვაწაძემ გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსფორვარდმა 90-ე წუთზე ბურთი მეტოქის საჯარიმოს ხაზთან მიიღო, კარგი ცრუ მოძრაობით ერთი ფეხბურთელი ჩამოიცილა და ბურთი ოსტატურად “მოჭრა” მეკარისგან მარცხენა კუთხეში – 0:1.
უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილ ბათუმელებს 23 ქულა აქვთ და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე არიან. “გაგრამ” გიორგი ონიანის ხელმძღვანელობით ამ სეზონში მეორე შეხვედრა მოიგო და 7 ქულით მეცხრეა. გაგრელები მე-11 ტურამდე ბოლო ადგილზე იყვნენ.
დინამო ბთ 0:1 გაგრა
ლაშა თაბაგარი





