კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-11 ტურში გათამაშების ერთ-ერთმა ლიდერმა გორის „დილამ“ წყალტუბოს „სამგურლი“ მიიღო და ქულა მატჩის მიწურულს გადაარჩინა.
მატჩის მე-19 წუთზე გორელთა ნახევარზე მყოფმა დემურ ჩიხლაძემ მარჯვენა ფლანგიდან ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც კარიდან გამოსული დავით კერესელიძე შეცვდა, ხოლო ბრაზილიელმა ჟან კარლოსმა ზუსტად დაარტყა – 0:1. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-5 წუთზე გიორგი ფანცულაია მეკარესთან პირისპირ გადიოდა და ანტონიო ლოპესმა წააქცია, რისთვისაც მთავარმა მსაჯმა ჯენერი ხორავამ გააძევა, რადგან მიიჩნია, რომ ადგილი ბოლო იმედის ჯარიმას ჰქობნდა. 76-ე წუთზე ჟან კარლოსს დუბლის შესრულება შეეძლო, როდესაც მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა ხელსაყრელი პოზიციიდან დაარტყა და დავით კერესელიძემ ბურთი მოიგერია.
90-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოში გახსნილმა ნიდერლანდელმა ვაუტერმა პასი თანაგუნდელისგან მიიღო და გადაცემა ლაიდსმანს გაუკეთა, რომელმაც ფიზიკურ ორთაბრძოლაში ომარ პატარკაციშვილს აჯობა და ვარდნაში დარტყმით ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
პორტუგალიელი რუი მოტას გაწვრთნილ „დილას“ ზედიზედ 7 მატჩია არ წაუგია (5 გამარჯვება და 2 ფრე) – 24 ქულით 10 გუნდში მეორეა, ხოლო მიხეილ აშვეთიას ხელმძღვანელობით „სამგურალს“ 9 ქულა აქვს და მერვეა.
დილა 1:1 სამგურალი
ლაშა თაბაგარი





