საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის პირველ ეტაპზე პირველად ჯგუფის ლიდერ ესპანეთთან დამარცხდნენ. ორივე გუნდმა ელიტ რაუნდის საგზური დასკვნით შეხვედრამდე გაიანაღდა და მხოლოდ მე-6 ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობა უნდა გარკვეულიყო. ესპანეთს პირველი ადგილის დასაკავებლად ფრეც აწყობდა, რადგან გატანილ-გაშვებული ბურთების ბალანსით ვასილ მაისურაძის გაწვრთნილ გუნდთან უპირატესობა ჰქონდათ.
მანამდე, ჩატარებულ ორ შეხვედრასთან შედარებით მაისურაძემ სასტარტო შემადგენლობაში ბევრი ფეხბურთელი შეცვალა და თავის გამოჩენის შანსი მათ მისცა, ვისაც თამაში ნაკლებად მოუწია.
კვიპროსთან და მოლდოვასთან მოგებული მატჩებისგან განსხვავებით, მაისურაძემ ამჯერად აქცენტი დაცვიდან თამაშზე გააკეთა და პირველ ტაიმში ამან თავისი შედეგი გამოიღო. სახიფათო მომენტი არცერთ კართან შექმნილა და ლოგიკური იყო გუნდები რომ შესვენებაზე გატანილი გოლების გარეშე გავიდნენ.
ესპანელებმა მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყეს და 53-ე წუთზე ანგარიში გახსნეს, როდესსაც დანი როდრიგესმა დაახლოებით 25 მეტრიდან დაარტყა და გიორგი ბედიაშვილის შეცდომის შემდეგ ბურთი კარში აღმოჩნდა.
57-ე წუთზე ბედიაშვილი კიდევ ერთხელ შეცდა უხეშად, როცა სანჩესის დარტყმის შემდეგ ბურთი ხელებში ვერ დააფიქსირა და ფეხებს შორის გაუშვა, ხოლო გასიოროვსკიმ ადგილი კარში მიუჩინა. 75-ე წუთზე ლარვალიომ 25 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა საუცხოოდ შეასრულა და „ცხრიანში“ გაიტანა.
86-ე წუთზე მორენოს პასის შემდეგ სენჰაჯიმ მეტოქის საჯარიმოში ერთი შეხებით ბურთი კარგად გაისწორა, ხოლო მეორეთი შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მე-6 ჯგუფის მეორე მატჩში კვიპროსმა მოლდოვას 1:0 აჯობა და ჯგუფში მე-3 პოზიციაზე გავიდა.
საქართველო – ესპანეთი 0:4(0:0)
21 ნოემბერი. თბილისი. „მიხეილ მესხი 2“.
საქართველო: ბედიაშვილი, ბუკია, ნარიმანიძე (კ), გიუნაშვილი, სადღობელაშვილი, გეგუჩაძე (ბერელიძე, 74), ლორთქიფანიძე, ჩიქოვანი (ცეცხლაძე, 46), ბასილაძე (მაშავა, 65), გოგსაძე (სამუშია, 65), ავალიანი (შეროზია, 46).
მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე.
ესპანეთი: მარტინი. ბონარი (კ), სიმო, გასიოროვსკი, დიასი, კანალესი (სენჰაჯი, 79), ერნანდესი, კარვალიო, სანჩესი (ბელაიდი, 68), ბალდე (ოლაბარიეტა, 68), როდრიგესი (მორენო, 79).
მთავარი მწვრთნელი: დავიდ გორდო
გოლები: 0:1 დანი როდრიგესი (53), 0:2 გასიოროვსკი (57), 0:3 კარვალიო (75),0:4 სენჰაჯი (86).
გაფრთხილება: გოგსაძე (42)მ დიასი (52), კარვალიო (61), გიუნაშვილი (74), სადღობელაშვილი (84).
მთავარი მსაჯი: დონალდ რობერტსონი.





