რომან ფიფია: “დინამო” ნაკრების სამჭედლო გახდა”

0
20

თბილისის “დინამოს” პრეზიდენტ რომან ფიფიას თქმით, მისი პრეზიდენტობის დროს რაც კარგად გამოვიდა ისაა, რომ მისი გუნდი საქართველოს ეროვნული ნაკრების სამჭედლო გახდა. მან ამის შესახებ კლუბის დაარსების 98-წლისადმი გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ ვეტერანებისთვის მიმართვის დროს ისაუბრა.
რომან ფიფია: “ქედს ვიხრი ჩვენი ვეტერანების წინაშე, რადგან „დინამო თბილისი“ შექმნა ამ ხალხმა. 13 წელია, ამ გუნდის პრეზიდენტი ვარ და ჩვენ ქართველ ხალხს ის სიხარული ვერ მივანიჭეთ, რაც თქვენ მოახერხეთ. სამწუხაროდ, ჯერ ეს არ გამოგვივიდა.
მაგრამ, რაც კარგად გამოვიდა ჩემი პრეზიდენტობისას, „დინამო“ საქართველოს ნაკრების სამჭედლო გახდა. ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს ქვეყანას ასახელებენ და ნაკრების თითქმის 90 პროცენტს შეადგენენ, „დინამოს“ აღზრდილები არიან. ვფიქრობ, ქართულ ფეხბურთში ესეც ძალიან დიდი წვლილია. ჩვენ შევძელით და პირადად მე ძალიან მიხარია.
ფაქტობრივად, დროს არავინ გვაძლევს და 18 წლის ასაკში საუკეთესოები უცხოეთში მიჰყავთ. ბიჭებსაც საზღვარგარეთ გასვლა უნდათ, მათ ხელს ვერ და არც შევუშლით. ვინც ჩვენს ხელში გაიზარდა და წავიდა, ყველა ის ფეხბურთელი ერთ გუნდში რომ წარმოვიდგინოთ, ალბათ ჩვენც გავიმეორებდით იმას, რაც თქვენ შეძელით.
ამიტომ, მომიტევეთ, რაც ვერ გავაკეთეთ, მაგრამ ჩვენ ბრწყინვალე ახალგაზრდობას ვზრდით“