ლუკა ლოჩოშვილის აზრით, ამხანაგურ მატჩში ტაილანდთან 8:0 გამარჯვება, საქართველოს ნაკრებს ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად სჭირდებოდა. მან განვლილ შეხვედრაში ეროვნული გუნდის მაისურით თავისი პირველი გოლი გაიტანა.
ლუკა ლოჩოშვილი: “ძალიან დადებითია ემოციები, ძალიან სასიხარულოა დამაჯერებელი გამარჯვება, რაც წინა თამაშებიდან გამომდინარე გუნდს ფსიქოლოგიურად ძალიან გვჭირდებოდა და მომავალში დაგვეხმარება. რეკორდიც ძალიან გასახარია და ასევე ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი გოლით, რადგან პირველია და იმედი მაქვს, კიდევ ბევრჯერ გავიტან, რადგან ნაკრებში ყოველი გოლი ორმაგად სასიხარულოა.
ძალიან სასიხარულოა ნაკრებში დაბრუნებაც, ჩემი გადმოსახედიდან ნაკრებში სათამაშოდ ყოველთვის მზად ვარ. გუნდში გარკვეული მიზეზების გამო თავიდან არ ვთამაშობდი, მაგრამ ახლა გუნდშიც სტაბილურად და კარგად ვთამაშობ.
კვიპროსთან ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია, რადგან წინა მატჩების ფონზე საჭიროა ერთა ლიგას პოზიტიურ განწყობაზე შევხვდეთ. ისეთი დონის ნაკრები ვართ, რომ ჩემი აზრით, საკუთარ მოედანზე ყველა გუნდის წინააღმდეგ მოსაგებად უნდა ვითამაშოთ”.





