ერლინგ ჰოლანდი ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით, პრემიერლიგის, რომელიც 1992 წლიდან იმართება, ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.
28-ე ტურის გადატანილ შეხვედრაში პეპ გვარდიოლას გაწვრთნილმა გუნდმა შინ „ვესტ ჰემი“ 3:0 დაამარცხა და ნორვეგიის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა თავი 70-ე წუთზე გამოიჩინა, როდესაც მისი დარტყმის შემდეგ ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაიზარდა.
22 წლის ფეხბურთელმა, რომელიც პრემიერლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს, 31 მატჩში მეტოქეთა კარი 35-ჯერ აიღო. მანამდე, რეკორდი ენდი კოულს (1993-1994, “ნიუკასლი“) და ალან შირერს (1994-1995, “ბლექბერნი“) ეკუთვნოდათ, რომელთაც 34-34 გოლი გაიტანეს, როცა პრემიერლიგაში 22 გუნდი თამაშობდა და 42 მატჩი იმართებოდა.
ბოლო მოთამაშე, რომელმაც ინგლისის უმაღლეს დივიზიონში მასზე უკეთესი შედეგი აჩვენა „საუთჰემპტონის“ ყოფილი თავდამსხმელი რონ დევისია, რომელმაც 1966-1967 წლების სეზონში 37 გოლი მიითვალა.
ნორვეგიელმა ამ სეზონში ყველა ტურნირში 45-ჯერ ითამაშა და 51 გოლი მიითვალა. გარდა იმისა, რომ მან პრემიერლიგაში თავი 35-ჯერ გამოიჩინა, ჩემპიონთა ლიგაში 12 ბურთი შეაგდო, ინგლისის ასოაციაციის თასზე – 3, ინგლისის ლიგის თასზე – 1. სკანდინავიელმა „სიტიში“ მხოლოდ ინგლისის სუპერთასზე „ლივერპულთან“ დაპირისპირებაში ვერ გაიტანა.
მასზე უკეთესი შედეგი ინგლისის უმაღლესი დივიზიონიდან მხოლოდ „ევერტონის“ ექსთავდამსხმელ დიქსი დინს აქვს, რომელმაც 1927-1928 წლების სეზონში ყველა ტურნირში მოწინააღმდეგეები 63-ჯერ დაამწუხრა.
“ვესტ ჰემთან” თამაშის დასრულების შემდეგ, ჰოლანდს რეკორდის აღსანიშნავად თანაგუნდელებმა საზეიმო კორიდორი მოუწყვეს.
ლაშა თაბაგარი





