იტალიის სერია A-ში დარჩენისთვის მებრძოლმა „კრემონეზემ“, სადაც ლუკა ლოჩოშვილი გამოდის, 33-ე ტურში სტუმრად „მილანთან“ მნიშვნელოვანი ქულა აიღო. კრემონელებს მეტად რომ გამართლებოდათ მოგებაც შეეძლოთ, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ ფრეს დასჯერდნენ.
უგოლოდ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, შეხვედრის 77-ე წუთზე ანგარიში სტუმართა ნიგერიელმა თავდამსხმელმა დავიდ ოკერეკემ გახსნა. ძირითდი დროსთვის მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე მასპინძლებიდან საპასუხო ბურთი ჟუნიორ მესიასმა გაიტანა. აღსანიშნავია, რო კრემონელებმა თამაში 10 კაცით დაასრულეს, რადგან გოლის გაშვებიდან სამ წუთში პიკელი გაუძევეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა და განვლილი შეხვედრა მისთვის 21-ე აღმოჩნდა სერია A-ში, სადაც სადებიუტო სეზონს ატარებს.
ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე „კრემონეზე“ 21 ქულით 20 გუნდში მე-19 ადგილზეა და მე-17 პოზიციაზე მყოფ „სპეციას“ 6 ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი





