ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ იტალიის სერია A-ში გაჩემპიონება გადაიდო. 32-ე ტურში რომის „ლაციო“ სტუმრად მილანის „ინტერთან“ 1:3 დამაცხდა და ლუჩანო სპალეტის გუნდი შინ „სალერნიტანასთან“ მოგების შემთხვევაში 6 ტურით ადრე ოქროს მედლებს მოიპოვებდა. მართალია, მთელი ნეაპოლი მესამე სკუდეტოს დაუფლების მოლოდინში ზეიმისთვის მზად იყო, მაგრამ მასპინძლები მხოლოდ ქულას დასჯერდნენ.
მატჩის 23-ე წუთზე „ნაპოლის“ შეტევის დროს. მარჯვენა ფლანგიდან ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდეს და ოსიმენის თავურის შემდეგ „სალერნიტანა“ გოლის გაშვებას მეკარე ოჩოამ გადაარჩინა.
პირველი ტაიმის მიწურულს ნეაპოლელტა ნახევარმცველმა ზამბუ ანგისამ საჯარიმოს გარედან ძლიერად დაარტყა და ოჩოამ ისევ დამაჯერებლად ითამაშა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ხუთ წუთში კვარაცხელიამ, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, საჯარიმოს გარედან შორეულ „ცხრიანში“ მოჭრა ბურთი, მაგრამ არაზუსტად.
62-ე წუთზე რასპადორიმ მარჯვნიდან კუთხური ჩააწოდა და ოლივერამ თავით ანგარიში გახსნა. 79-ე წუთზე, კვარაცხელიამ მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა, ერთ ფეხბურთელს გაცდა, მაგრამ მარცხენა ფეხით მცირედ არაზუსტად დაარტყა.
ნეაპოლელებს სანუკვარი ჯილდოს დასაუფლებლად ცოტა დროს აკლდათ, თუმცა, 84-ე წუთზე ბია შეტევის მარჯვენა ფრთაზე ოსიმენს გაცდა და საჯარიმოში შესულმა მარცხენა ფეხით შორეულ კუთხეში დარტყმით ლამაზი გოლი გაიტანა.
87-ე წუთზე, კვარაცხელია ოჩოასთან ერთ-ერთზე დარჩა და ოდნავ მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ მექსიკელმა მეკარემ ქართველს არ გაატანინა.
„ნაპოლი“ 20-გუნდიან სატურნირო ცხრილს 79 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსან „ლაციოს“ 18 ქულით სჯობს. ნეაპოლელები მომდევნო შეხვედრას 4 მაისს სტუმრად „უდინეზესთან“ ჩაატარებენ.
„კრემონეზემ“ „ვერონას“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 79-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლებიდან მე-9 წუთზე ანგარიში ოკერეკემ გახსნა, ხოლო სტუმრებიდან საპასუხო ბურთი 75-ე წუთზე ვერდიმ გაიტანა. „კრემონეზე“ 20 ქულით მე-19 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





