„ვალენსიამ“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ზედიზედ ორი მატჩის მოგების შემდეგ, პრინციპულ შეხვედრაში ესპანეთის ლა ლიგაში დარჩენისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ კონკურენტ „კადისთან“ დამარცხდა.
კადისში ჩატარებულ მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მის კარში პირველი გოლი 39-ე წუთზე გავიდა, როდესაც „ვალენსიას“ მცველებმა შეცდომა დაუშვეს და რუბენ სობრინოს თავური პასის მერე, გონსალო ესკალანტემ თითქმის კარის ხაზიდან ასევე თავით გაიტანა. ამ ეპიზოდში მოწოდების სიმაღლეზე არც მამარდაშვილი იყო.
46-ე წუთზე ესპინო ცრუ მოძრაობით ჩომერტს გაექცა და პასი სტუმართა კარის წინ მდგომ სერხი გვარდიოლას გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა. ქართველმა მეკარემ „ღამურები“ ვერც ამჯერად გადაარჩინა.
51-ე წუთზე „კადისის“ მცველმა უკან პასი მეკარე ლედესმას გაუკეთა, რომელმაც ძალიან ცუდად მიიღო ბურთი და საბოლოოდ დაკარგა, რითაც სამეულ ლინომ კარგად ისარგებლა – 1:2.
დარჩენილ დროში „კადისის“ მეკარემ თავისი გუნდი გოლის გაშვებისგან 3-ჯერ გადაარჩინა, რითაც დაშვებული შეცდომა გამოისყიდა და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
ლაშა თაბაგარი





