გიორგი მამარდაშვილმა კარიერაში „ნოუ კამპზე“ პირველი მატჩი ჩაატარა. ესპანეთის ლა ლიგის 24-ე ტურში ვალენსიელები სტუმრად „ბარსელონას“ შეხვდნენ და მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ. მიმდინარე ტურში ჩემპიონატის ყველა მეკარემ შავი ფორმით ითამაშა, რადგან ბილბაოს „ატლეტიკის“ და ესპანეთის ნაკრების ექსმეკარე ხოსე ანხელ ირიბარი 80 წლის გახდა, ხოლო ბასკებმა ამ თარიღის აღსანიშნავად ლა ლიგის ყველა გოლკიპერს შავი ფორმის მოგება სთხოვა. თამაშის დაწყებამდე კატალონიელთა მეკარე გერმანელი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი თავისი ინიციატივით საქართველოს ნაკრების მეკარესთან მივიდა და სამახსოვრო ფოტო გადაიღო.
მატჩში ერთადერთი გოლი მე-15 წუთზე გავიდა, როდესაც სერხიო ბუსკეტსის საუცხოო პასის შემდეგ ბრაზილიელმა რაფინიამ მეტოქის საჯარიმოში კარიდან გამოსულ მამარდაშვილს დაასწრო და თავით გოლი გაიტანა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც გაშვებულ ბურთი მეკრეს ადანაშაულებენ.
„ვალენსიას“ საპასუხო გოლის გატანა პირველ ტაიმში შეეძლო, როდესაც ფერან ტორესმა ძალიან უცნაურად დაუბრუნა ბურთი ტერ შტეგენს, რომლის გადაცემა „ბარსელონას“ საჯარიმოში სამულე ლინომ ჩაჭრა, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი კარს აააცილა.
55-ე წუთზე შეტევაში ჩართული მასპინძელთა მცველის ჯიულ კუნდეს დარტყმის შემდეგ, უგო გილამონმა თავის საჯარიმოში ხელით ითამაშა და მსაჯმა პენალტი დანიშნა. ფერან ტორესმა თერთმეტმეტრიანი შეასრულა და ბურთი გვერდით ძელს მოხვდა, არადა, მამარდაშვილმა კუთხე გამოიცნო.
ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში უკებ ანსუ ფატიმ დაარტყა სახიფათოდა და ბურთი ისევ ძელს შეეხო.
59-ე წუთზე „ბარსას“ მცველმა არაუხომ უგო დურო წააქცია, რომელიც მეკარესთან პირისპირ გადიოდა და მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევა. თუმცა, „ვალენსიამ“ ვერ ისარგებლა იმით, რომ მასპინძლები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ და თამაშის ბოლომდე სახიფათო მომენტი არ შეუქმნია.
მატჩის მიწურულს მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილ ფრან პერესს კესიე აშკარად ეუხეშა, მაგრამ მსაჯმა წესის დარღვევა არ დააფიქსირა.

ლაშა თაბაგარი





