გიორგი გოჩოლეიშვილი: “ჩემს კარიერაში ეს დიდი გამოწვევა იყო”

0
63

გუშინ, ქვეყნის პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდა “საბურთალოს” აკადემიის აღზრდილ ფეხბურთელს გიორგი გოჩოლეიშვილს, რომელმაც მაროკოს ნაკრების წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა. ნაკრებიდან დაბრუნების შემდეგ მან ინგტერვიუ “საბურთალოს” ოფიციალურ ვებგვერდს მისცა.
გიორგი გოჩოლეიშვილი: “ყველა დადებითად და თბილად შემხვდა, რამაც გამიადვილა ადაპტაცია. რამდენიმეს ახალგაზრდული ნაკრებიდან ვიცნობდი, გამოცდილი და სტაჟიანი ფეხბურთელების უმეტესობა კი ახლა გავიცანი. მეგობრული და კარგი გარემო დამხვდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად. მადლობა ყველას, ვინც გვერდში დამიდგა”.
– რომ მიხვედით ნაკრებში, მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ რა გითხრათ?
– პირველ ყოვლისა მომილოცა ნაკრებში გამოძახება და წარმატება მისურვა. ამის შემდეგ, როდესაც თეორიაზე ვიყავით, მითხრა, რომ თუ მომეცემოდა თამაშის საშუალება, მაქსიმალურად თავისუფლად ვყოფილიყავი. მისმა ამ სიტყვებმა მეტი შემართება მომცა.
– დებიუტი გქონდათ ქვეყნის პირველ გუნდში. ელოდით, რომ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშებდით?
– სასტარტოში თამაშს არ ველოდი. უბრალოდ, თამაშის წინა დღეს ვარჯიშზე მკითხა, თუ როგორ ვგრძნობდი თავს. მეორე დღეს კი, როდესაც გავიგე, რომ სასტარტო შემადგენლობაში დავიწყებდი მატჩს, უბედნიერესი ადამიანი ვიყავი. თამაში მოულოდნელი იყო, ერთგვარი სურპრიზი იყო. მატჩისწინა თავისებური მღელვარება იყო, მაგრამ შემდეგ გამიარა ამ მცირე ნერვიულობამ და განვაგრძე თამაში ჩემი ქვეყნისთვის.
–  სხვა ტემპი და სისწრაფეები იყო, ბევრად გამოცდილი ფეხბურთელების წინაშე მოგიწიათ თამაში. ხომ არ გაგიჭირდათ?
– ჩემს კარიერაში ეს დიდი გამოწვევა იყო. ამ ერთმა მატჩმაც დიდი გამოცდილება შემმატა. რა თქმა უნდა, სხვა დონეზე თამაში იყო გამოცდილ და მაღალკვალიფიციურ ფეხბურთელებთან.
ნაკრებში რა მოგხვდათ თვალში განსაკუთრებით?
– ფეხბურთელები, მწვრთნელები თუ ნაკრების წევრები გვერდით მედგნენ. ამან კიდევ უფრო გამიმარტივა თამაში. გუნდი აშკარად ერთ მუშტად არის შეკრული და დიდი ოჯახია.
რას იტყვი ნაკრების კაპიტან გურამ კაშიაზე?
– გუნდის ლიდერია, რომელსაც ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებს. ის მესაუბრა, გამიზიარა გამოცდილება, დამამშვიდა და მითხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.