კაშიამ თამაში შემოატრიალა – “სლოვანი” გალიდერდა

0
63

ბრატისლავას “სლოვანმა” კონფერენს ლიგაში შინ სომხეთის “პიუნიკთან” მატჩი ბოლო წუთებში შემოატრიალა და ამაში დიდი როლი საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ითამაშა.
ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში სლოვაკებს “პიუნიკთან” გამარჯვება სჭირდებოდათ და ტერიტორიულ უპირატესობასაც ფლობდნენ, მაგრამ ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. 64-ე წუთზე აბენამ ბურთი მეკარე ჰოვანს დაუგორა, რომელიც პასს ისევ “სლოვანის” მცველს აძლევდა, მაგრამ ამის მაგივრად გადაცემა ერევნელი ფორვარდის მიმსამართით გამოუვიდა, როელიც საბოლოოდ თავის საჯარიმოში წააქცია. მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი კოჩუკმა გოლად აქცია.
84-ე წუთზე შეტევაში ჩართულმა ცენტრალურმა მცველმა კაშიამ ბურთი პაუშეკთან გაათამაშა და მას მერე რაც პარტნიორისგან გადაემა მიიღო, საჯარიმოში მყოფმა ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა – 1:1. მან კარიერის განმავლობაში ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე პირველი გოლი გაიტანა. გურამმა მიმდინარე სეზონში სულ თავი სამჯერ გამოიჩინა – ორჯერ კონფერენს ლიგაში და ერთხელ სლოვაკეთის ჩემპიონატში.
85-ე წუთზე “პიუნიკის” მცველმა გადაცემა უკან მეკარე იურჩენკოს გაუკეთა, რომელსაც მოგერიების დროს ბურთი მოეჭრა, ხოლო რამირესმა თავით გამარჯვების გოლი გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ბრატისლაველთა სასტარტოში იყო და 87-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ჯაბა კანკავამ მატჩი დისკვალიფიკაციის მიზეზით გამოტოვა.
H ჯგუფის მე-2 მატჩში “ბაზელმა” შინ ლიეტუვას “ჟალგირისს” ვერ მოუგო – 2:2. ბოლო ტურის წინ “სლოვანი” 8 ქულით ჯგუფში ლიდერია, ხოლო ამდენივე ქულით “ბაზელი” მეორე ადგილზეა. “პიუნიკი” 6 ქულით მესამეა და “ჟალგირისი” 5 ქულით ბოლოა. დასკვნით შეხვედრას “სლოვანი” სტუმრად “ჟალგირისთან” ჩაატარებს და პლეი-ოფში გასასვლელად ქულაც ყოფნის.