საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა 7-მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ, ზედიზედ მეორე თამაში წააგო. ამჯერად, რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი სტამბოლში ადგილობრივ თანატოლებთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. შეხვედრის პირველ ტაიმში მასპინძლები უფრო აქტიურები იყვნენ და გასაკვირი არაა შესვენებამდე მეტოქის კარი რომ აიღეს.
მე-7 წუთზე თურქებს ანგარიშის გახსნა შეეძლოთ, როდესაც მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდების შემდეგ, ილდირიმმა ახლო მანძილიდან თავით დაარტყა და ბურთი საქართველოს ნაკრების კარს გადაცდა.
მე-19 წუთზე საჯარიმოს გარედან ბეიაზის დარტყმის მერე ბურთი კარის ბადეს გარედან მოხვდა. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში ბარასმა სტუმართა კარისკენ ბურთი თავით გაგზავნა, მაგრამ კუტალაძემ საიმედოდ ითამაშა. 31-ე წუთზე საათჯიმ შორი მანძილიდან ძლიერად დაარტყა და კუტალაძემ ნახტომში საქართველოს ნაკრები გოლის გაშვებისგან გადაარჩინა.
ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, თურქი ფეხბურთელის მარჯვნიდან ჩაწოდების შემდეგ, მსაჯმა საბა საზონოვზე მასპინძელ ფორვარდთან ორთაბრძოლის დროს თამაშის წესის დარღვევა დააფიქსირა და პენალტი დანიშნა. ბეიაზმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა – 1:0.
მეორე ტაიმში სვანაძის შეგირდები უკეთესად გამოიყურებოდნენ და სახიფათო მომენტებიც შექმნეს.
66-ე წუთზე კაზიმჩანი ლუკა გაგნიძეს ფეხებში ძალიან უხეშად ჩაუვარდა, რის გამო, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და თურქი ახალგაზრდები მოედანზე კაცნაკლულნი დარჩნენ. გაგნიძე მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.
76-ე წუთზე, ივა გელაშვილთან ორთაბრძოლის დროს ბაირამი დაშავდა. თანაგუნდელს თურქი ფეხბურთელი გამოესარჩლა და ორივე გუნდის მოთამაშეებს შორის მცირე შეხლა-შემოხლა მოხდა, მაგრამ მხარეები მალე დაშოშმინდნენ.
87-წუთზე საქართველოს ნაკრების შეტევის დროს ნიკა ხორხელმა ახლო მანძილიდან დაარტყა და ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა.
ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში გიორგი კვერნაძე ორ მეტოქეს გაცდა და საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთებში ჩვენმა 21-წლამდელებმა კუთხური ჩააწოდეს და მცველის მოგერიებული ბურთი ნიკა ხორხელმა შეჩერებლად დაარტყა, თუმცა, მასპინძლების მეკარემ საიმედოდ ითამაშა.
განვლილ შეხვედრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ვიცეპრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი დაესწრნენ.
მატჩის ოქმი – თურქეთი V საქართველო




