ერთა ლიგის C დივიზიონში ბოლო შეხვედრები მეორე ჯგუფში გაიმართა, ერთ-ერთის შედეგი საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი იყო. საბერძნეთმა ჩრდილოეთ ირლანდია (3:1) დაამარცხა და ცნობილი გახდა, რომ ჩვენი ეროვნული გუნდი ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში ყაზახეთს დაუპირისპირდება.
საბერძნეთის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი 15 ქულით (ბურთების ბალანსი +8) დაასრულა და ამ შედეგმა ერთა ლიგის C დივიზიონის გამარჯვებულებში ადგილები ასე განაწილდა:
1. საქართველო 16 ქულა (ბურთების ბალანსი +13)
2. საბერძნეთი 15 ქულა (+8)
3. თურქეთი 13 ქულა (+13)
4. ყაზახეთი 13 ქულა (+2)
ნახევარფინალური წყვილები
საქართველო – ყაზახეთი
საბერძნეთი-თურქეთი
პლეი ოფის ნახევარფინალური დაპირისპირებები 2024 წლის მარტში გაიმართება, ფინალური მატჩის მასპინძელს კი წილიყრა გაარკვევს.
პლეი ოფამდე გაიმართება ევროპის ჩემპიონატის ჩვეულებრივი საკვალიფიკაციო ეტაპი და თუ პლეი ოფის რომელიმე გუნდი (საქართველო, საბერძნეთი, თურქეთი, ყაზახეთი), ტრადიციული შესარჩევიდან მოახერხებს ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვებას, პლეი ოფში აღარ ითამაშებს და მის ადგილს ერთა ლიგის ჯგუფში მეორეადგილოსანი დაიკავებს (ბულგარეთი, კოსოვო, ლუქსემბურგი, აზერბაიჯანი).
თუ ყაზახეთი შეძლებს შესარჩევიდან ევროპის ჩემპიონატზე გასვლას, მაშინ საქართველოს ნაკრებმა პლეი ოფის ნახევარფინალში აზერბაიჯანს უმასპინძლებს.




