საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი რეგიონალიგაში გუშინ ხაშურში ადგილობროვ “ივერიას” და “გლდანს” შორის მატჩის მიმდინარეობის დროს მომხდარ ინციდენტ გამოეხმაურა.
ლევან კობიაშვილი: ” ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა ხაშურში. ამ ქალაქში გულშემატკივარი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა ახალ სტადიონს და ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ინციდენტი დაფიქსირდა. მსგავსი შემთხვევები აზიანებს ჩვენთვის საამაყო სპორტის სახეობას, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი ყავს. ვწუხვარ, რომ ასეთი ფორმით მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხაშურის ახალი სტადიონი. არანაირი გამართლება არ აქვს და ჩემთვის სრულიად მიუღებელია, რაც გუშინ საფეხბურთო მინდორზე ვიხილეთ! 15 ივნისის ინციდენტზე სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება”.
როგორც სოციალურ ქსელში გვერდი “ხაშურის სპორტი” წერს, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა გულშემატკივარმა (“გლდანის” ან “ივერიის”) ისროლა მინის ბოთლი მოედანზე. შემდეგ “გლდანის” მეკარემ ეს ბოთლი აიღო და უკან სროლის დროს თავში მოარტყა “ივერიის” ფეხბურთელს, სანდრო ხაჩიძეს, რომელმაც დაზიანება მიიღო.
ამავე გვერდის ინფორმაციით, ფეხბურთელი კარგად არის. მას სახის არეში 2 “ნაკერი” დაადეს და ახლა კვლევებს უტარებენ. ხაჩიძეს ტვინის შერყევა არ აღენიშნება. მას შემდეგ, რაც ფეხბურთელს ბოთლი სახეზე მოხვდა, გულშემატკივარი მოედანზე შევარდა და ხელჩართული ჩხუბი დაიწყო. მატჩის ანგარიში 2:2 გახლდათ და ის მსაჯს აღარ დაუსრულებია.




